პრაღაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინისა და საქართველოს პრემიერ მინისტრის სპეციალური წარმომადგენელის, ზურაბ აბაშიძის შეხვედრა გაიმართა.
”საზოგადოებრივი მაუწყების” ინფორმაციით, მხარეებმა ორი საკითხი - საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებისა და პოლკოვნიკ გია ცერცვაძის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემის საკითხი განიხილეს.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს, პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განუცხადა, პოლკოვნიკ გია ცერცვაძის საკითხი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ წამოწია, თუმცა ეს თემა დღის წესრიგით გათვალისწინებული არ ყოფილა. ”მან წამოჭრა ეს საკითხი. ჩემი პასუხი იყო, რომ ეს ჩვენი ფორმატის საკითხი არ არის. ამ საკითხისთვის არსებობს შესაბამისი სტრუქტურები”, - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.
კარასინის განცხადებით კი, რუსეთი აღნიშნულთან დაკავშირებით, კანონიერად იმოქმედებს და რომ ასეთი საკითხების გადაჭრა ცივილიზებული გზებითაა საჭირო. გრიგორი კარასინის თქმით, რუსეთი პოლკოვნიკის გადაცემის საკითხს სამომავლოდაც განიხილავს.
”განვიხილეთ ცერცვაძის საკითხი, მაგრამ ვიცავ კონფიდენციალურობას და არ გავავრცელებ ინფორმაციას. ჩვენ შემდგომშიც გავაგრძელებთ ცერცვაძის თემის განხილვას. თუ ჩადენილია დანაშაული, თუ მის გადმოსაცემად არის სერიოზული საფუძველი, რა თქმა უნდა მოვითხოვთ გადმოცემას. ყველაფერს კანონის დაცვით გავაკეთებთ. მოდი, შევეგუოთ, რომ ასეთი საკითხების გადაჭრა ცვილიზებული გზებითაა საჭირო”, - განაცხადა გრიგორი კარასინმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის აღნიშნული განცხადების თარგმანს ”საზოგადოებრივი მაუწყების” პირველი არხი ავრცელებს.
ვიცე-პოლკოვნიკი გია ცერცვაძე, რომელიც აფხაზეთისა და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, 15 იანვარს უკრაინაში დააკავეს. მას რუსეთი 2003 წელს დანაშაულის ჩადენაში ედავება, თუმცა ცერცვაძეზე საერთაშორისო ძებნა მხოლოდ 13 წლის შემდეგ, 2016 წლის 23 დეკემბერს გამოცხადა. რამდენიმე დღიანი პატიმრობის შემდგომ უკრაინის პროკურატურის გადაწყვეტილებით, პოლკოვნიკი პატიმრობიდან გათავისუფლდა, თუმცა მასზე საექსტრადიციო წარმოება გრძელდება.