ძიძიგური მხოლოდ საკუთარი ჯიბეების ამოვსებით რომ არის დაკავებული, ეტყობა

ძიძიგური მხოლოდ საკუთარი ჯიბეების ამოვსებით რომ არის დაკავებული, ეტყობა

ძიძიგური მხოლოდ ჯიბეებზე რომ იყურება და საკუთარი ჯიბეების ამოვსებითაა დაკავებული, ეტყობა, - ასე გამოეხმაურა თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” ზვიად ძიძიგურის განცხადებას მისი მისამართით.

როგორც მამუკა ახვლედიანმა განმარტა, მისთვის გაუგებარია, თუ რა 6 მილიონიან ქონებაზეა საუბარი. მისივე თქმით, სარჩელი სასამართლოში სწორედ იმის გამო შეაქვს, რომ საზოგადოებამ სიმართლე შეიტყოს.

”სწორედ იმიტომ შემაქვს სასამართლოში სარჩელი, რომ საზოგადოებამ დაინახოს, რამდენად მართალს საუბრობენ წულუკიანიები, ძიძიგურები, მდინარაძეები და მსგავსი მორალის ადამიანები. სარჩელის მომზადებას დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდება. რაც შეეხება პროცესს, სულ ერთი საათი დასჭირდება, რადგან ყველაფერი საბანკო ოპერაციებითაა და საზოგადოება დაინახავს ვინ არიან ეს ადამიანები. ძიძიგური მხოლოდ ჯიბეებზე რომ იყურება და საკუთარი ჯიბეების ამოვსებითაა დაკავებული, ეტყობა.

მე ვამბობ, რომ ეს თანხები გადაირიცხება იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, რომ ისეთი ადამიანები და იურისტები, როგორებიც არიან წულუკიანი, მდინარაძე, ზარდიაშვილი და ჩინჩალაძე, აღარ გაიზარდოს ამ ქვეყანაში”, - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.

დიდი ჯიბეები დაიკეროს, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად ძიძიგური თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის განცხადებას, რომლის თანახმადაც, მან შესაძლოა კომპენსაციის სახით 100 000 ლარი მოითხოვოს. როგორც ზვიად ძიძიგურმა აღნიშნა, აზრის გამოთქმის უფლება აქვს ყველას, ხოლო პიროვნული შეურაცხყოფა მამუკა ახვლედიანისთვის არავის მიუყენებია.

„თავიდან მილიონს ითხოვდა, ეტყობა ეს მილიონები მაგათ ყურთან ძალიან ახლოს აქვთ. მილიონებს ითხოვდნენ, ახლა 100 000 ითხოვენ და დიდი ჯიბეები დაიკეროს. რასაც მოიგებს სასამართლოში, იმასაც ვნახავთ. ჩვენ, რაც საჯარო სივრცეში ვრცელდება, იმასთან დაკავშირებით აზრის გამოთქმის უფლება გვაქვს და პიროვნული შეურაცხყოფა მისთვის არავის მიუყენებია, ეს ფაქტია. ასე რომ, მინდა ყველას ვითხრა, არავის შეურაცხყოფა ჩვენ აზრად არ გვაქვს, მაგრამ ადამიანებზე, რომლებიც კონკრეტულ საქმიანობაში არიან ჩართულები, ამ საქმიანობაზე შეფასების უფლება ყველას გვაქვს“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც მას ბრალდებებს უყენებენ, სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” მამუკა ახვლედიანმა განუცხადა, საჯარო პროცესზე ის დაამტკიცებს, რომ ქონება, რომელზეც მის მიმართ ბრალდებები ისმის, საბანკო სესხით აქვს შეძენილი. როგორც ახვლედიანმა აღნიშნა, სანაცვლოდ საჯაროდ ბოდიშის მოხდას და თითოეული ადამიანისგან 100-ათას ლარიანი კომპენსაციის გადახდას მოითხოვს, რომელიც იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს უნდა ჩაერიცხოთ.