პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მთავარ გამოწვევად საკანონმდებლო ორგანოს ინსტიტიციურ, კანონშემოქმედებით და საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერებას ასახელებს.
კობახიძის შეფასებით, პარლამენტის კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო ფუნქცია სუსტია.
"ბოლო თემა, რომელზეც მინდა, ყურადღება გავამახვილო, ეს არის პარლამენტის ინსტიტუციური გაძლიერება. პარლამენტს აქვს ორი ძირითადი ფუნქცია:ეს არის კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო ფუნქცია და ორივე მიმართულებით პარლამენტის შესაძლებლობები არის ტრადიციულად საკმაოდ სუსტი. ჩვენ ასეთი ვითარება გვქონდა გასული წლების განმავლობაში. შესაბამისად, ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა ჩვენთვის არის, რა თქმა უნდა, პარლამენტის ინსტიტიციური გაძლიერება და პარლამენტის კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერება. ამ მიმართულებით, უნდა გაკეთდეს ძალიან ბევრი რამ. ჩვენ გვყავს ახალი გუნდი, თვისობრივად გაძლიერებული გუნდი საქართველოს პარლამენტში და ამ გუნდის პირობებში, არის, რა თქმა უნდა, შესაძლებელი პარლამენტის ინსტიტუციურ გაძლიერებაზე ზრუნვა და შესაბამისი რეფორმების განხორციელება. ამ მიმართულებით ბევრი რამ უნდა გაკეთდეს, მათ შორის, რა თქმა უნდა, აუცილებელია პარლამენტის აპარატის რესურსების გაძლიერება და ამ კუთხით, მუშაობა უკვე არის დაწყებული საქართველოს პარლამენტში", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, ახალი მოწვევის პარლამენტს კარგი სტარტი ჰქონდა და ასე გაგრძელდება მომდევნო სესიების განმავლობაშიც.
საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესია ბიუროს სხდომით გაიხსნა, რომელზეც საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა საშემოდგომო სესიის შედეგები შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.