პარლამენტმა ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებაში თავისი წვლილი შეიტანა

პარლამენტმა ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებაში თავისი წვლილი შეიტანა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებით, ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებაში თავისი წვლილი შეიტანა.

კობახიძის განმარტებით, პარლამენტის მიერ საგარეო პოლიტიკის შესახებ მიღებული რეზოლუცია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო გასული სესიის განმავლობაში.

"ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ჩვენს პარლამენტს კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ დაეფიქსირებინა ის საგარეო პოლიტიკური კურსი, რომელიც არჩეულია ჩვენი მოსახლეობის მიერ. ბოლო საპარლამენტო არჩევნებში კიდევ ერთხელ დადასტურდა მოსახლეობის მყარი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის დასავლური საგარეო პოლიტიკური კურსის მიმართ და სწორედ ეს კურსია კიდევ ერთხელ დაფიქსირებული საგარეო პოლიტიკის რეზოლუციაში, რომელიც მიიღო საქართველოს პარლამენტმა გასული სესიის ბოლო დღეს. ყველა საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის მკაფიოდ ასახული ამ დოკუმენტში. რადგან ამ თემაზე ჩამოვარდა საუბარი, კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ ის მიღწეული შედეგი, რომელიც დაკავშირებულია ვიზალიბერალიზაციასთან. ბუნებრივია, პარლამენტმა თავისი წვლილი შეიტანა ამ პროცესის წარმატებით დასრულებაში და კიდევ ერთხელ, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა კონსტიტუციურ ორგანოს, განსაკუთრებით, მთავრობას, რომელმაც ამ შედეგის მიღწევა უზრუნველყო", - განაცხადა კობახიძემ საგაზაფხულო სესიის გახსნისას.

ევროპარლამენტარებმა 2 თებერვალს გამართულ სესიაზე 553 ხმით 66–ის წინააღმდეგ დაუჭირეს მხარი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას.