ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას აზრით, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს გადამწყვეტი შეტევა მიაქვთ სასამართლოს იმ მოსამართლეებზე, ვისაც გადაწყვეტილება აქვს გამოსატანი „რუსთავის 2“-ის საქმეზე.
ასე ეხმაურება ეკა ბესელია საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, მოსამართლეებზე ზეწოლაში დ. საყვარელიძე ფიგურირებს.
„ბატონმა საყვარელიძემ უნდა გვიპასუხოს უფრო მეტი სერიოზულობით. მტრედს გაატანა წერილი და ბორანს გამოატანა კი არა, უფრო მეტი სიდინჯით და სერიოზულობით უნდა გაგვცეს პასუხი, როცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ასახელებენ მის გვარს. ასე რომ, ასე გამარტივება და გაუბრალოება ამ საკითხის არ გამოუვათ, ეს არ არის რიგითი შემთხვევა. აქ საუბარია ყველაზე მაღალი ინსტანციის მოსამართლეების მიერ გაცხადებულ კონკრეტულ ადრესატზე“, - განაცხადა ბესელიამ და დასძინა, რომ ელოდა განმარტებებს, თუ რატომ ფიგურირებს ბატონი საყვარელიძის გვარი.