სააკაშვილი როცა პრეზიდენტი გახდა,ჯიბეში ჩაისვა სასამართლო და ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ ისევ აგრძელებს ზემოქმედების მოხდენას

სააკაშვილი როცა პრეზიდენტი გახდა,ჯიბეში ჩაისვა სასამართლო და ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ ისევ აგრძელებს ზემოქმედების მოხდენას

მიხეილ სააკაშვილი როცა პრეზიდენტი გახდა, ჯიბეში ჩაისვა სასამართლო და ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ ისევ აგრძელებს სასამართლოზე ზემოქმედების მოხდენას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძიგურმა პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, ორიოდე დღის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ნაწილმა ცალ-ცალკე ჩაატარა ბრიფინგი, რომ მოსამართლეებზე ზეწოლას ახდენს ხელისუფლება და ერთმა ნაწილმა სუს-ს დააბრალა, მეორემ - სხვას და ა. შ.

ძიძიგურის თქმით, დღეს პროკურატურამ გაასაჯაროვა ის განცხადებები, წერილები და სმს-ები, რომლის მიხედვითაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლა ხდებოდა.

“ირკვევა, რომ ეს ეჭვები უკავშირდება სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსნებს და უკრაინას, სადაც ისინი თავმოყრილები არიან ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. კატეგორიულად გამოირიცხა, რომ ხელისუფლება ახდენდა რაიმე სახის ზეწოლას ამ მოსამართლეებზე. მე ერთი დასკვნა, რაც აქედან გავაკეთე, არის ის, რომ სააკაშვილი თავისი პოლიტიკაში მოსვლის დღიდან მუდმივად იყო სასამართლოზე ზემოქმედების მოხდენის მცდელობაში. როცა ოპოზიციაში იყო მაშინაც და როცა პრეზიდენტი გახდა, საერთოდ, ჯიბეში ჩაისვა სასამართლო. ოპოზიციაში გადასვლის შემდგომ სააკაშვილი ისევ აგრძელებს სასამართლოზე ზემოქმედების მოხდენას. ჩემთვის ეს არის ძალიან რეალური და ძალიან დამაჯერებელი ამბავი. რა დასკვნებს გააკეთებს გამოძიება, ეს კიდევ სხვა თემაა. ასევე მოსამართლეებზე ზეწოლისთვის იყენებდნენ მთელ რიგ ადამიანებს, რომლებსაც ამ მოსამართლეებთან ჰქონდათ ძველი კავშირები. მათ შორის, ბატონ გვარამიას“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

მისივე თქმით, გავრცელდა სხვადასხვა ტიპის მასალები, სადაც ჩანს, რომ ნიკა გვარამიას ჰქონდა კომუნიკაცია ამ ხალხთან. მისივე თქმით, გვარამია ზოგ ჩანაწერზე ამბობს, რომ ავთენტურია, ზოგზე კი ამბობს, რომ დამონტაჟებულია.

ზვიად ძიძიგურის განცხადებით, ეს ძალიან ჩახლართული ამბავია და დეპუტატის თქმით, პროკურატურა ამ ყველაფერს გამოიძიებს და თავის სახელს დაარქმევს.