მეტი საქმე არ მაქვს, იმათ დაძახებულზე თვითმფრინავში ჩავჯდე და გამოვცხადდე დაკითხვაზე რაღაც პაროდიულ საქმესთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” მთავარი პროკურორის ყოფილმა მოადგილემ, უკრაინაში მყოფმა დავით საყვარელიძემ განუცხადა, რითაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან - ბესარიონ ალავიძესა და პაატა ქათამაძესთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
საყვარელიძის შეფასებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლის თაობაზე პროკურატურის მიერ გავრცელებული მასალები იუმორისტული და ღიმილისმომგვრელია.
”განცხადება გაკეთდა, სამწუხაროდ, იმ პროკურატურის მხრიდან, სადაც არაერთი წუთი გამიტარებია და ყველანაირად ვცდილობდით, რომ ეს ინსტიტუტი დამსგავსებოდა თანამედროვე ქართული სახელმწიფოსა და ხალხის სამსახურში მყოფ ინსტიტუტს და არა ერთი ოლიგარქის შეიარაღებაში მყოფ ნოტარიუსების დაწესებულებას, რადაც გადააქციეს. უბრალოდ გული მწყდება, რომ ამ უწყებაში არ დარჩა არცერთი ადამიანი, ვგულისხმობ, ხელმძღვანელ პირებს, ვინც ელემენტარულ იურიდიულ ფილტრში მაინც გაატარებს იმ სისულელეებს, რაც სუს-იდან ან შუშის სასახლიდან ჩამოდის ხოლმე. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ ასეთი შეთითხნილი საქმეებითა და სასაცილო, მავნებლური სტანდარტებითაა ჩვენი მეგობრების დიდი ნაწილი დღეს ან ციხეში დამწყვდეული ან პასუხისგებაში მიცემული, ან უცხოეთში დევნილობაში მყოფი და ა.შ”, - განაცხადა დავით საყვარელიძემ.
მისივე თქმით წერილს, რომელიც პროკურატურამ გამოაქვეყნა, არავითარი მაინდეტიფიცირებელი ნიშანი არ აქვს.
”ახლავე ამოვბეჭდავ წერილს, დავაწერ ბიძინა ივანიშვილს ან დონალდ ტრამპს და გამოაქვეყნოს პროკურატურამ, თუ ასეთ დონემდე დაეშვნენ. ხდება მასალების ფაბრიკაცია, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. მოსამართლეებზე ზეწოლა მართლაც მიდიოდა. ალბათ, მოსამართლეები ამით იყვნენ შეშფოთებულები, უნდოდათ, როგორც ჩანს, განცხადების გაკეთება და ამათ დაასწრეს, ფართხა-ფურთხით მოიფიქრეს ასეთი იდიოტობა”, - განაცხადა საყვარელიძემ.
რაც შეეხება ამ საქმეზე მის შესაძლო დაკითხვას, როგორც მთავარი პროკურორის ყოფილმა მოადგილემ აღნიშნა, პროკურატურას შეუძლია გამომძიებლები მასთან უკრაინაში გააგზავნოს.
”მე ვარ უკრაინის მოქალაქე. თუ ფორმალობისთვის და საკუთარი თავის სამარცხვინოდ უნდათ ამის გაკეთება, გამოგზანონ გამომძიებელი და მართლა ჩაატარონ გამოძიება. ამოიღონ კამერების ჩანაწერები, დაადგინონ, ვინ ფოსტალიონები გაიგზავნენ, ჩაატარონ ექსპერტიზა და ა.შ. მეტი საქმე არ მაქვს, იმათ დაძახებულზე თვითმფრინავში ჩავჯდე და გამოვცხადდე დაკითხვაზე რაღაც პაროდიულ საქმეთან დაკავშირებით”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” დავით საყვარელიძემ.
პროკურატურის ინფორმაციით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა - ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ წერილობითი შეტყობინები დ. საყვარელიძის სახელით მიიღეს, თუმცა უწყება ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს, არის თუ არა ის მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე. ამასთან, პროკურატურის ცნობით, მოსამართლეებმა უკრაინაში რეგისტრირებული ტელეფონის ნომრებიდან მიიღეს სმს შეტყობინებებიც, თუმცა ვის სახელზეა ისინი რეგისტრირებული, საგამოძიებო უწყებაში ჯერჯერობით არ საუბრობენ.