ეს ყველაფერი მოდელირებულია სუს-ის მიერ

ეს ყველაფერი მოდელირებულია სუს-ის მიერ

ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ ეს ყველაფერი დადგმული სცენარია, - ამის შესახებ ფრაქცია ,,ევროპული საქართველოს” წევრმა ტარიელ ლონდარიძემ პროკურატურის მიერ დღეს გამოქვეყნებული ინფორმაციის კომენტირებისას აღნიშნა.

“ის, რაც დღეს ხდება ,,რუსთავი 2”- ის გარშემო და ეს ყველაფერი, რომელიც იმართება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურებიდან, ამას შეფასებებიც აღარ სჭირდება იქედან გამომდინარე, რომ მკვეთრად ჩანს ხელისუფლების დაინტერესება. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მოდელირებულია სუს-ის მიერ. პროკურატურის ამოცანა და მიზანი უნდა იყოს ეძიოს სამართალი და ნამდვილად დაადგინოს ავთენტურობა ამა თუ იმ მიმოწერის. ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ ეს ყველაფერი დადგმული სცენარია და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ მოსამართლეებზე ზეწოლას, რათა შეაგროვონ მოსამართლეების ის რაოდენობა და მიიღონ გადაწყვეტილება ,,რუსთავი 2”-ის საწინააღმდეგოდ, დადგეს ის შედეგი, რაც სურს ბიძინა ივანიშვილს და მოსახლეობამ დაკარგოს თავისუფალი სიტყვა და ის ადგილი, სადაც შესაძლებელია ისმოდეს ის შეფასებები, რომელიც ბიძინა ივანიშვილის და მის მთავრობას არ მოსწონს”, - განაცხადა ლონდარიძემ.

პროკურატურის ინფორმაციით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა - ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ წერილობითი შეტყობინები დ. საყვარელიძის სახელით მიიღეს, თუმცა უწყება ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს, არის თუ არა ის მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე. ამასთან, პროკურატურის ცნობით, მოსამართლეებმა უკრაინაში რეგისტრირებული ტელეფონის ნომრებიდან მიიღეს სმს შეტყობინებებიც, თუმცა ვის სახელზეა ისინი რეგისტრირებული, საგამოძიებო უწყებაში ჯერჯერობით არ საუბრობენ.