პოლიტიკის და სამართლის ცენტრის თავმჯდომარის, ადვოკატ ამირან გიგუაშვილის შეფასებით, იმ მასალების შინაარსი, რაც პროკურატურამ გაასაჯაროვა უზენაესი სასამართლოების მოსამართლეების ბესარიონ ალავიძის და პაატა ქათამაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო ზეწოლის შესახებ, არადამაჯერებელია და პროვოკაციულ ხასიათს ატარებს.
“დარწმუნებული ვარ პროკურატურაშიც ბევრს იცინიან ამ მასალების შინაარსზე. ამ დონის ფაბრიკაციას, ალბათ, ბერიასდროინდელი „ენკავედეც“ არ იკადრებდა. როგორი დაბალი ინტელექტი უნდა გქონდეს იმის დასაჯერებლად, რომ უკრაინიდან გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე ასეთი ღია ტექსტით იწერება ათასგვარ სისულელეს. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ზოგადად „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსნები, რომლებიც უშუალოდ ახდენდნენ სასამართლოზე ზეწოლას, ახლა არ გააკეთებენ იგივეს, თუ ამის შესაძლებლობა მიეცემათ, არამედ იმიტომ, რომ თვითონ ამ ფორმით არც ერთი ჭკუათმყოფელი არ დაიწყებს წერილების გამოგზავნას უკრაინიდან საქართველოში”, - განაცხადა გიგუაშვილმა.
მისივე თქმით, ის პროცესი, რაც მიმდინარეობს სასამართლო ხელისუფლების მიმართ, არის შემაშფოთებელი და რისკის შემცველი საზოგადოებისათვის.
“ფაქტია, რომ მიმდინარეობს სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაცია. ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველდღიურად ქვეყნდება გარკვეული მასალები კონკრეტული მოსამართლეების შესახებ. ჩნდება კითხვები და მათზე დამაჯერებელი, არგუმენტირებული პასუხები არ ჩანს. ეს ძალიან სახიფათო თამაშებია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამაღლდეს სასამართლოს დამოუკიდებლობა და ავტორიტეტი, უკანასკნელი მოვლენები კი ამის საპირისპიროდ მეტყველებენ. ვინ ახდენს ამგვარი პროვოკაციული მასალების ფაბრიკაციას და ვის ინტერესებში შედის ზოგადად სასამართლო სისტემის დისკრედიტაცია. ეს უნდა იყოს გამოძიების ინტერესი და არა თავად ამ კომიკური წერილების შინაარსი, რაც დღეს პროკურატურამ გაასაჯაროვა. იმედი მაქვს პროკურატურა სწორედ ამ მიმართულებით წარმართავს გამოძიებას”, - აცხადებს ამირან გიგუაშვილი.
პროკურატურის ინფორმაციით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა - ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ წერილობითი შეტყობინები დ. საყვარელიძის სახელით მიიღეს, თუმცა უწყება ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს, არის თუ არა ის მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე. ამასთან, პროკურატურის ცნობით, მოსამართლეებმა უკრაინაში რეგისტრირებული ტელეფონის ნომრებიდან მიიღეს სმს შეტყობინებებიც, თუმცა ვის სახელზეა ისინი რეგისტრირებული, საგამოძიებო უწყებაში ჯერჯერობით არ საუბრობენ.