ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია პროკურატურის მიერ დღეს გახმაურებულ ინფორმაციას “თეთრი ძაფით ნაკერს” უწოდებს, რომლისაც „თავად ვახტანგ გომელაურსაც არ სჯერა“.
როგორც ნიკა მელიამ განაცხადა, დღეს პროკურატურამ ანუ იგივე ვახტანგ გომელაურმა იგივე ბიძინა ივანიშვილის ხელდასხმით დანიშნულმა თანადებობის პირებმა განაცხადეს, რომ თითქოს დავით საყვარელიძემ კიევიდან მოსამართლეებს მადლობის წერილი მისწერა. ნიკა მელიას შეფასებით, ეს არის თეთრი ძაფით ნაკერი, რომლისაც თავად გომელაურსაც არ სჯერა. როგორც ნიკა მელიამ განაცხადა, ხელისუფლება არის უსუსურ მდგომარეობაში და დამოკიდებულია სუს-ზე და მათ ერთგვარ ხრიკებზე, რაც ამჯერად ძალიან ცუდად შეასრულეს.
„ერთადერთი უწყება, რომელიც ამ ქვეყანაში მუშაობდა ეს იყო სუს-ი და ამ სამსახურმაც შეწყვიტა წარმატებით მუშაობა. ის, რაც ჩვენ დღეს პროკურატურის ბრიფინგზე მოვისმინეთ, უბრალოდ შეურაცხმყოფელია პირველ რიგში სპეცსამსახურების თანამშრომლებისთვის, რომლებიც მუშაობენ ან მუშაობდნენ სხვადასხვა უწყებაში - შსს-ში, სუს-ში და ა.შ. იმდენად დამამცირებლად, უხეშად და არაპროფესიონალურად აქვთ გაკეთებული, ბავშვსაც კი არ სჯერა, რომ თურმე კიევიდან დავით საყვარელიძე წერს მადლობის წერილებს მოსამართლეების სახელზე და ეს მათ კარზე დაუკაკუნეს და სახლში მიუტანეს მატერილური სახით. რაღაცას ხომ აქვს საზღვარი ამ ქვეყანაში და მადლობა ღმერთს, ეს საზღვარი მე მგონი არის ეს შემთხვევა, რომლის იქეთაც უფსკრულია და არავის სჯერა. დარწმუნებული ვარ „ქართული ოცნების“ უმრავლესობასაც ამ პარლამენტში არ სჯერა, რომ ეს ნამდვილად რეალობაა“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
პროკურატურის ინფორმაციით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა - ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ წერილობითი შეტყობინები დ. საყვარელიძის სახელით მიიღეს, თუმცა უწყება ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს, არის თუ არა ის მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე. ამასთან, პროკურატურის ცნობით, მოსამართლეებმა უკრაინაში რეგისტრირებული ტელეფონის ნომრებიდან მიიღეს სმს შეტყობინებებიც, თუმცა ვის სახელზეა ისინი რეგისტრირებული, საგამოძიებო უწყებაში ჯერჯერობით არ საუბრობენ.