თავიდან მშვილდ-ისრით ვაპირებდი წერილის გატყორცნას და შემდეგ მტრედებს გავატანე, - ასე გამოეხმაურა საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე მთავარი პროკურატურის მიერ დღეს გამოქვეყნებულ მასალებს, რომელთა შორის, მათი მტკიცებით, საყვარელიძის მიერ მოსამართლისადმი გაგზავნილი წერილიცაა.
როგორც საყვარელიძემ „რუსთავი 2“-თან საუბარში აღნიშნა, პროკურატურის მიერ ადგილი აქვს სისხლის სამართლის მასალების გაყალბებას, რაც დანაშაულია.
“კომიკურიდან ტრაგიკულში გადავიდა ეს ყველაფერი. ძალიან გული მწყდება, რომ სიმწრით ნაშენები ქვეყანა და ინსტიტუტები, რომელსაც ამდენი წელი ვქმნიდით, ასეთი პრიმიტიული, გონებაშეზღუდული ადამიანების ხელში აღმოჩნდა. ერთი უზუსტობა დაუშვეს, სხვათა შორის... თავიდან მშვილდ-ისრით ვაპირებდი ამის [წერილის] გატყორცნას და შემდეგ მტრედებს გავატანე, რომ უფრო მალე და ზუსტად მიეტანათ. ესეც უნდა დაემატებინათ და სრული სურათი შედგებოდა. გული მწყდება, რომ პროკურატურაში აღარ დარჩა კომპეტენტური იურისტი, თავმოყვარე ადამიანი. უბრალოდ უნამუსობას თავი რომ დავანებოთ, სისხლის სამართლის დანაშაულია, რასაც ისინი აკეთებენ. ამას ჰქვია სისხლის სამართლის მასალების და მტკიცებულებების გაყალდება. ამაზე არის ცალკე მუხლი და ადრე თუ გვიან ეს მუხლი უნდა გაქტიურდეს, რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს ინსტიტუტები არ იყოს მართული პოლიტიკური ჯგუფების მიმართ. ელემენტარული, ხომ შეიძლება უთხრან სუს-იდან მიტანილ და შუშის სახლიდან ჩამოტანილ სისულელზე, რომ დაგვცინებს ხალხიო. ამას შევარდნაძის დროინდელი პროკურატურაც არ იკადრებდა ამას. ეს არის უნამუსობა, არაკაცობა და სისხლის სამართლის დანაშაული“, - განაცხადა საყვარელიძემ.
პროკურატურის ინფორმაციით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა - ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ წერილობითი შეტყობინები დ. საყვარელიძის სახელით მიიღეს, თუმცა უწყება ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს, არის თუ არა ის მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე. ამასთან, პროკურატურის ცნობით, მოსამართლეებმა უკრაინაში რეგისტრირებული ტელეფონის ნომრებიდან მიიღეს სმს შეტყობინებებიც, თუმცა ვის სახელზეა ისინი რეგისტრირებული, საგამოძიებო უწყებაში ჯერჯერობით არ საუბრობენ.