სასამართლო რეფორმის მესამე ტალღაზე ვეტოსთან დაკავშირებით საგნობრივი არგუმენტი ვერ მოვისმინეთ, ვეტო უნდა დავძლიოთ, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განვითარებულ მოვლენებს, სადაც დეპუტატებმა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები მოისმინეს.
მდინარაძე მიიჩნევს, რომ დღეს გამართულმა დებატებმა კიდევ ერთხელ დაარწმუნა უმრავლესობა, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი არის წარმატებული რეფორმის ნაწილი.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ რეფორმით სასამართლო კიდევ უფრო გაჯანსაღდება და განვითარების ახალ ეტაპზე გავა მისი დემოკრატიის ხარისხიდან გამომდინარე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებული საკითხები უკვე აღარ არის სადავო გამომდინარე იქიდან, რომ მოსამართლეებს შესაძლებლობა ექნებათ მომავალში სწავლების ხანგრძლივი დროით მიიღონ კომპენსირება რაც დღევანდელ კანონპროექტშია გათვალისწინებული და ა.შ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვეტო უნდა დავძლიოთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა.