წარმოდგენილი გეგმის სისრულეში მოყვანა ნიშნავს იმას, რომ ავტომატურად 500-დან 800 თანამშრომლამდე იქნება სამსახურიდან გათავისუფლებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ჟურნალისტმა ირაკლი ტაბლიაშვილმა განუცხადა.
როგორც ირაკლი ტაბლიაშვილმა განმარტა, ამ ეტაპისთვის, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის მიერ წარდგენილი გეგმა დამტკიცებული არ არის და ამ გეგმასთან დაკავშირებით, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ბორდი გახსნის დისკუსიას.
„იმ გეგმის სისრულეში მოყვანა ნიშნავს, რომ ავტომატურად 500-დან 800 თანამშრომლამდე იქნება სამსახურიდან გათავისუფლებული. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ეს გეგმა ჯერ დამტკიცებული არ არის და ბორდი გახსნის დისკუსიას. მე სკეპტიკურად ვარ ამ დისკუსიის მიმართ განწყობილი, თუმცა შევინარჩუნოთ ფორმალური სიმშვიდე, დაინტერესებული პირები ამ დისკუსიაში ჩაერთვებიან. ჩავერთვები ასევე მეც და ჩემს ალტერნატიულ ხედვას დავდებ თუ როგორ უნდა გადავარჩინოთ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, - განაცხადა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ჟურნალისტმა ირაკლი ტაბლიაშვილმა.