პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს საშემოდგომო სესიის ანგარიში გააცნო. როგორც კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მსგავსი ანგარიშით ყოველი სესიის დასრულების შემდეგ წარსდგება.
„პარლამენტმა აქტიურად დაიწყო საპარლამენტო უფლებამოსილებების განხორციელება. ჰქონდა ძალიან კარგი სტარტი. არჩევნების წინ გვქონდა ძალიან პოლარიზებული პოლიტიკური გარემო და ამის გათვალისწინებით, პარლამენტი იდგა განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე, რომელიც მდგომარეობდა იმაში, რომ ჩვენ გადავსულიყავით თვისობრივად ახალ ეტაპზე პოლიტიკური ურთიერთობებისა პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის. რეალურად, გაკეთდა ყველაფერი იმისათვის, რომ პოზიტიური საფუძველი ჩაგვეყარა პარლამენტის შიგნით ურთიერთობების ჯანსაღ გარემოში გავნვითარებისათვის. კონსენსუსის საფუძველზე იქნა მიღებული ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც დაკავშირებულია ოპოზიციის ჩართულობასთან საპარლამენტო ცხოვრებაში“, - განაცხადა კობახიძემ და ამ მხირვ, ხაზი გაუსვა საპარლამენტო თანამდებობის სამართლიანად გადანაწილებას.
გარდა ამისა, ირაკლი კობახიძის თქმით, პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციის მიმართულებით პარლამენტს განსაკუთრებული როლის შესრულება მართებს.
კობახიძის თქმით, საშემოდგომო სესიის ფარგლებში არასრული თვენახევრის განმავლობაში განხილული და მიღებული იქნა 7 საკანონმდებლო პაკეტი და 44 დამოუკიდებელი კანონი, მოხდა 13 საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიკაცია. ირაკლი კობახიძემ განსაკუთრებით გამოყო ორი საკანონმდებლო პაკეტი: ეკონომიკური რეფორმისა და ე.წ. მართლმსაჯულების მესამე ტალღის.
კობახიძემ ასევე ისაუბრა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაზე და აღნიშნა, რომ კომისია სწორი ფორმატით ჩამოყალიბდა, რაც უზრუნველყოფს, რომ კომისია არის უპრეცედენტოდ ქმედითი. კობახიძე იმედოვნებს, რომ აღნიშნული პროცესი წლის ბოლომდე დასრულდება.