ვანო ზარდიაშვილი: პირდაპირ ვთქვათ, რომ პრეზიდენტის ვეტო მოტივირებული საერთოდ არ არის

ვანო ზარდიაშვილი: პირდაპირ ვთქვათ, რომ პრეზიდენტის ვეტო მოტივირებული საერთოდ არ არის

ძალიან სამწუხაროა, რომ ესოდენ მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელსაც მართლმსაჯულების მესამე ტალღას ვუწოდებთ, ასეთი უსაფუძვლო ვეტოთი აქვს პრეზიდენტს გაჩერებული და ხელს უშლის, ან როგორც მინიმუმ, დროს აჭიანურებს, რომ ეს რეფორმა ამოქმედდეს, - ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ვანო ზარდიაშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ დეპუტატებს მართლმსაჯულების რეფორმის ე.წ. მე-3 ტალღის ფარგლებში მიღებულ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები გააცნო.

როგორც ზარდიაშვილმა აღნიშნა, ვერც ერთი საფუძვლიანი პასუხი ვერ მოისმინეს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნისგან.

მისივე თქმით, რჩება შთაბეჭდილება, რომ მსჯელობენ ყველაფერზე - თვითმმართველობაზე, დისკრიმინაციის ტერმინის განმარტებაზე, გარდა მოტივირებული შენიშვნებისა.

”ხომ არ ჯობია, პირდაპირ ვთქვათ, რომ ეს ვეტო მოტივირებული საერთოდ არ არის, არის სუფთა პოლიტიკური ვეტო და შესაბამისად, ძალიან მარტივად გავივლით ამ გზას, თქვენც თუ აღიარებთ ამას”, - მიმართა ზარდიაშვილმა ანა დოლიძეს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მართლმსაჯულების რეფორმის ე.წ. მე-3 ტალღის ფარგლებში მიღებულ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა.