პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში მიღებულ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა.
საკომიტეტო განხილვაზე პრეზიდენტს მოტივირებულ შენიშვნებს მხარი მხოლოდ ორმა დეპუტატმა დაუჭირა. საკითხზე მომხსენებელი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე იყო.
პრეზიდენტმა სასამართლო რეფორმის მიზნით პარლამენტის მიერ დეკემბერში მიღებულ საკანონმდებლო პაკეტს ვეტო დაადო და შემდგომი მოტივირებული შენიშვნები შესთავაზა:
1. სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევა მოხდეს მოსამართლეების მიერ და არა დანიშვნა იუსტიციის საბჭოს მიერ; ყველა სასამართლოს მიეცეს საშუალება, თავად აირჩიოს თავმჯდომარე, რაც უზრუნველყოფს სასამართლოს მეტ დამოუკიდებლობას და მოსამართლეთა თვითმმართველობის განმტკიცებას, როგორც ეს მოხდა საკონსტიტუციო სასამართლოს შემთხვევაში.
2. ერთი და იგივე პირს აღარ ჰქონდეს საშუალება, იყოს სასამართლოს თავმჯდომარე და ამავე დროს პალატისა და კოლეგიის თავმჯდომარე.
3. სამწლიანი გამოსაცდელი ვადის გამოყენება აღარ მოხდეს შემდგომ დანიშვნებზე.
4. კანონით დაზუსტდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების რაოდენობა.
5. იუსტიციის საბჭოში მოსამართლეებს საშუალება მიეცეს, წარდგენილი იყვნენ უფრო მძლავრად, რადგან სასამართლოს თავმჯდომარეებს ჰქონდეთ საშუალება იყვნენ საბჭოს წევრები.
6. დაზუსტდეს კონკურსის დროს კანდიდატზე ინფორმაციის მოგროვებისა და გავრცელების წესები.