თუ საზოგადოებას უნდა ტელევიზია გადარჩეს, ამისთვის საჭიროა რაღაც გადაცემების დროებით შეჩერება

თუ საზოგადოებას უნდა ტელევიზია გადარჩეს, ამისთვის საჭიროა რაღაც გადაცემების დროებით შეჩერება

თუ რეფორმა იქნება დამტკიცებული, ისე განხორციელდება, რომ არ მოხდება კანონის დარღვევა, - ამის შესახებ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის მრჩეველმა ნოდარ ჭიჭინაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც იმ ცვლილებებზე ისაუბრა, რომლის გეგმაც გუშინ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურმა დირექტორმა წარადგინა.

„მე ვარ ფინანსური კონსულტანტი და იურიდიული შეფასება გამიჭირდება. თუმცა ბუნებრივია, იურისტებიც მუშაობენ ამ საკითხზე და თუ რეფორმა იქნება დამტკიცებული, განხორციელდება ისე, რომ არ მოხდება კანონის დარღვევა“, - განაცხადა ნოდარ ჭიჭინაძემ.

მისი თქმით, გენერალურ დირექტორს კანონით არ აქვს უფლებამოსილება, რომ დახუროს გადაცემები.

„ძალიან ბევრი ინტერპრეტაცია მოჰყვა ამ გეგმის გაჟღერებას, რომ გადაცემები იხურება. კანონით არ აქვს უფლებამოსილება გენერალურ დირექტორს, რომ დახუროს გადაცემები. ახალმა დირექტორმა წარმოადგინა ხედვა, რომ თუ გვინდა და საზოგადოებას უნდა გადარჩეს ტელევიზია, ამისთვის საჭიროა რაღაც გადაცემების დროებით შეჩერება“, - განაცხადა ნოდარ ჭიჭინაძემ.

დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელში სამეურვეო საბჭოს სხდომა გაიმართება.