ე.წ. შეწყალების საქმეზე ეკა ბესელია ალეკო ელისაშვილისთვის სასამართლოსგან 20 500-ლარიანი ჯარიმის დაკისრებას ითხოვს

ე.წ. შეწყალების საქმეზე ეკა ბესელია ალეკო ელისაშვილისთვის სასამართლოსგან 20 500-ლარიანი ჯარიმის დაკისრებას ითხოვს

ე.წ. შეწყალების სკანდალთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო, ეკა ბესელია ალეკო ელისაშვილისთვის 20 500-ლარიანი ჯარიმის დაკისრებას ითხოვს.

პარლამენტისა და საკრებულოს დეპუტატებს შორის სასამართლო დავაზე დღეს პირველი პროცესი გაიმართა, რომელზეც მოსამართლემ ორივე მხარისგან ახსნა-განმარტებები მოისმინა.

ე.წ. შეწყალების სკანდალთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში ეკა ბესელიამ შეიტანა. სასარჩელო მოთხოვნის თანახმად, ეკა ბესელია ალეკო ელისაშვილისგან ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელი განცხადებების უარყოფას და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მისთვის ჯარიმის - 20 500 ლარის დაკისრებას ითხოვს. ბესელიას ადვოკატის ინფორმაციით, ჯარიმის თანხა მთლიანად მზრუნველობამოკლებული ბავშვების დახმარების ფონდში გადაირიცხება.

დღევანდელ პროცესს ალეკო ელისაშვილი და ეკა ბესელიას ინტერესების დამცველი გიგა კვერენჩხილაძე ესწრებოდნენ. მომდევნო პროცესი 28 თებერვალს ჩაინიშნა და როგორც დეპუტატის ადვოკატი აღნიშნავს, 28 თებერვლის პროცესზე საქმის განხილვა სავარაუდოდ დასრულდება.

შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე და საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ეკა ბესელიას და მანანა კობახიძეს, პატიმრების შეწყალების სანაცვლოდ ქრთამის აღებაში ადანაშაულებს. როგორც ელისაშვილი აცხადებს, დეპუტატები ხშირად უკავშირდებოდნენ მას და სთხოვდნენ კონკრეტული პატიმრების შეწყალებაზე პრეზიდენტთან რეკომენდაციის გაწევას.