ნებისმიერი მცდელობა, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონს შეეცვალოს სახელწოდება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების თანხმობის გარეშე, წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტისა და მთლიანობის ხელყოფის მცდელობას და მორიგ ნაბიჯს, გადადგმულს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემგომი ანექსიისაკენ, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალში 9 აპრილს დანიშნულ ე.წ. პლებისციტს ეხება.
”პლებისციტი, არჩევნები ან რაიმე სხვა ქმედება, რომელიც გულისხმობს მოსახლეობის ნების თავისუფალ გამოხატვას ვერ განხორციელდება ტერიტორიაზე, რომელიც ოკუპირებულია უცხო სახელმწიფოს მიერ, საიდანაც გამოდევნილია მკვიდრი მოსახლეობის უმრავლესობა, სადაც ჩატარდა ეთნიკური წმენდა და დღეს ადგილზე ეფექტური კონტროლი განმახორციელებელ ერთადერთ ძალად გველენება რუსეთის ფედერაცია.
ნებისმიერი მცდელობა, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონს შეეცვალოს სახელწოდება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების თანხმობის გარეშე, წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტისა და მთლიანობის ხელყოფის მცდელობას და მორიგ ნაბიჯს, გადადგმულს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემგომი ანექსიისაკენ.
კვლავაც მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას რომ გადადგას რეალური ნაბიჯები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციისა და ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისაკენ.
მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას რომ წინ აღუდგნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელყოფას და ამ ე.წ. არჩევნებსა და პლებისციტის შედეგების ლეგიტიმაციის ნებისმიერ მცდელობას”, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის სახელის გადასარქმევად პლებისციტი დანიშნა. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, პლებისციტი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების დღეს - 2017 წლის 9 აპრილს გაიმართება.