ვეტოს დაძლევის თვალსაზრისით, ჩვენ წინასწარ გამოხატული პრინციპული პოზიცია კი არ გვაქვს, უბრალოდ, ეს ვეტო თავისი შინაარსით, ბევრი კრიტიკისა და კითხვის მატარებელია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ კომიტეტის სხდომის დაწყებამდე განუცხადა, სადაც სასამართლო სისტემის რეფორმის ე. წ. მესამე ტალღასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ.
როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, კომიტეტი იწყებს პრეზიდენტის შენიშვნების განხილვას.
მისივე თქმით, საკმაოდ ბევრი კითხვაა შენიშვნებთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ არის ბევრი წინააღმდეგობა.
„ის ლოგიკა, რომ იუსტიციის საბჭოს არ ჰქონდეს უფლება, მოსამართლეთა კოლეგიების, ან თავმჯდომარეების არჩევის, საერთოდ ეწინააღმდეგება პრინციპს - თუ იუსტიციის საბჭოს მოსამართლედ განმწესების უფლება აქვს ყველა ინსტანციაში, გარდა უზენაესი სასამართლოსი, ის იღებს გადაწყვეტილებას მოსამართლეების განმწესების, მათ შორის, უვადო განმწესების, მითხარით ლოგიკა სად არის, როდესაც ვამბობთ, რომ იმავე საბჭოს კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის არჩევის უფლება არ უნდა ჰქონდეს. ამასთან, საუბარია იმაზე, რომ მოსამართლეები ფარული კენჭისყრით, თავად ირჩევენ, ვინ უნდა იყოს იუსტიციის საბჭოში. ასეთი ჩარევა, რომ ჩვენ ავუკრძალოთ მოსამართლეს, რომ ეს კატეგორია შეიძლება იყოს არჩეული, ხოლო მეორე კატეგორია არ შეიძლება იყოს არჩეული, მიმაჩნია პრინციპულად მოსამართლეთა თავისუფალი ნების გამოხატულებაში ჩარევად. ასე, რომ ბევრი კითხვა გვაქვს ჩვენ. ვეტოს დაძლევის თვალსაზრისით, წინასწარ გამოხატული პრინციპული პოზიცია კი არ გვაქვს ჩვენ, უბრალოდ ეს ვეტო თავისი შინაარსით არის ბევრი კითხვისა და კრიტიკის მატარებელი. ასევე ბევრი წინააღმდეგობაა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისივე თქმით, მიღებული ნორმები არის უფრო დემოკრატიული, უფრო მეტი თავისუფლების მიმნიჭებელი მოსამართლეებისთვის და ასეთი საკანონმდებლო ნორმის შეჩერება, გაუგებარია.