თუ არ მოხდება ვეტოს გათვალისწინება, ეს პირველ რიგში სასამართლო ხელისუფლებისთვის იქნება საზიანო

თუ არ მოხდება ვეტოს გათვალისწინება, ეს პირველ რიგში სასამართლო ხელისუფლებისთვის იქნება საზიანო

თუ არ მოხდება ვეტოს გათვალისწინება, ეს პირველ რიგში საზიანო იქნება სასამართლო ხელისუფლებისთვის, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

ანა დოლიძე კომიტეტს დღეს სასამართლო რეფორმის ე.წ. მესამე ტალღასთან დაკავშირებულ პაკეტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს გააცნობს.

„იმედი გვაქვს, რომ პარლამენტის წევრები ყურადღებით მოეკიდებიან ჩვენს შენიშვნებს. თუ არ მოხდება ვეტოს გათვალისწინება, ბუნებრივია, ეს საზიანო, პირველ რიგში იქნება სასამართლო ხელისუფლებისთვის. ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ მუშაობა სასამართლო ხელისუფლების გაჯანსაღების მიზნით“, - აღნიშნა მან.

დოლიძის თქმით, პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ გააუმჯობესოს ის კანონპროექტი, რომელიც წარდგენილია, რათა ხელი შეუწყოს სასამართლო სისტემის დეცენტრალიზაციას იმით, რომ მეტი თავისუფლება მიეცეს მოსამართლეებს. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თქმით, მოსამართლეებს საშუალება უნდა ჰქონდეთ, თავად აირჩიონ საკუთარი თავმჯდომარეები, ლიდერები.

„მეორე მხრივ, გვინდა მოსამართლეთა დაცულობა გაიზარდოს იმით, რომ მოვხსნათ სამწლიანი გამოსაცდელი ვადა, რომელიც დღესდღეობით არსებობს და რომელთან დაკავშირებითაც ვენეციის კომისიას არაერთხელ აქვს გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებები. ჩვენი მონაწილეობა საკანონმდებლო პროცესში არა არის რაიმე ფატალური ან დრამატული. მოტივირებული შენიშვნები არის ჩვეულებრივი დემოკრატიული პროცესი იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს ჩვენი სასამართლო სისტემა. შესაბამისად ჩვენ გვინდა, რომ პარლამენტმა გულისხმიერად მიიღოს ჩვენი შენიშვნები, გაითვალისწინოს, მაგრამ თუ ასე არ მოხდება, ჩვენ ჩვეულებრივძად გავაგრძელებთ მუშაობას როგორც ამ, ისე სხვა სფეროში, რაც ეხება ქვეყანაში დემოკრატიულ კანონის უზენაესობაზე დამყარებული წყრობილების დამკვიდრებას“, - განაცხადა ანა დოლიძემ.