ხვალ აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართება

ხვალ აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე ხვალ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგორი კარასინს შეხვდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზურაბ აბაშიძემ განუცხადა, შეხვედრაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს, მათ შორის, საბაჟო მონიტორინგის თაობაზე 2011 წელს მიღწეული შეთანხმების ამოქმედების საჭიროებაზე იმსჯელებენ.

„ჩვენ გვაქვს დღის წესრიგი, რომელიც მოიცავს სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებს, სატრანსპორტო კომუნიკაციების თემატიკას, გარკვეულ ჰუმანიტარულ პრობლემებს. წლის დასაწყისია და არსებული პრობლემების ინვენტარიზაციას გავაკეთებთ. შევეცდებით, შეძლებისდაგვარად ხელი შვუწყოთ სხვადასხვა საკითხების მოგვარებას ექსპორტ-იმპორტის თვალსაზრისით, სატრანსპორტო კომუნიკაციების თვალსაზრისით. ჩვენი მეწარმეები, მათ შორის მეღვინეები, დაინტერესებულნი არიან, რომ რუსეთში ახალი პროდუქცია გაიტანონ. ჩვენ, ასევე, გვინდა, რომ წელს ტურისტული სეზონი კიდევ უფრო წარმატებული იყოს, ამისთვის საჭიროა სატრანსპორტო პრობლემების წინასწარ განხილვა და მოგვარებაა. არის ასევე გარკვეული ქონებრივი საკითხები, რომელთა განხილვაა საჭირო და ასევე 2011 წლის შეთანხმება საბაჟო მონიტორინგის თაობაზე. ამ შეხვედრაზე ხაზგასმულად მინდა დავაყენო ეს საკითხი იმ თვალსაზრისით, რომ დრო გადის და საჭიროა, გადავიდეთ ამ პროექტის იმპლემენტაციაზე. ჩვენ ჯერ არ გვინდა ისეთი დასკვნები გამოვიტანოთ, რომ ეს დრო სპეციალურად იწელება. ჩვენ მზად ვართ, წავიდეთ შვეიცარიაში და გავაფორმოთ კონტრაქტი შვეიცარიულ კომპანიასთან. რუსეთმაც ანალოგიური კონტრაქტი უნდა გააფორმოს“, - განაცხადა აბაშიძემ.