მერის მოადგილე მოსამართლის ოჯახის წევრისთვის კომპენსაციის გაცემის საკითხზე - სამართლებრივად დოკუმენტაცია არის გამართული

მერის მოადგილე მოსამართლის ოჯახის წევრისთვის კომპენსაციის გაცემის საკითხზე - სამართლებრივად დოკუმენტაცია არის გამართული

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ლექვინაძის ინფორმაციით, მილიონი ლარის ოდენობის კომპენსაცია, რომელიც სტიქიის ზონაში მდებარე მიწის ნაკვეთზე გაიცა, სამართლებრივად გამართულია.

როგორც ჟურნალისტებს ლექვინაძემ მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახის მიერ მილიონი ლარის კომპენსაციის მიღების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა, ნაკვეთი არ წარმოადგენდა საცხოვრებელ ტერიტორიას, თუმცა აღნიშნულ ადგილზე მემორანდუმით საინვესტიციო ვალდებულება იყო განსაზღვრული.

მისივე თქმით, რადგან ტერიტორიაზე სტიქიამდე გარკვეული ეკონომიკური აქტივობა იყო დაშვებული, ამის გამო გადაწყდა მიწის ნაკვეთის მფლობელისთვის კომპენსაციის მიცემა.

“თბილისის მერიის სახელით, მინდა განვაცხადო, რომ დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც არის განხორციელებული აღნიშნული ოპერაცია, გახლავთ სამართლებრივად აბსოლუტურად გამართული და ის ეფუძნება იმ კანონმდებლობით გათვალისწინებულ მექანიზმებს, რომელიც არის განსაზღვრული ჩვენს ქვეყანაში. პირველ რიგში, მინდა გავაკეთო განმარტება ერთ მილიონ ლართან დაკავშირებით. ეს არის თანხის მოცულობა, რომლითაც განსაზღვრულია და შეფასებულია 1624 კვ მეტრის მიწის ნაკვეთის ღირებულება, რომელიც მდებარეობს სტიქიური უბედურების ზონაში. ამ ნაკვეთის დათმობის სანაცვლოდ, მისმა მფლობელმა მიიღო ნაწილობრივ მიწის ნაკვეთი, დაახლოებითი 515 ათასი ლარის ღირებულების და დარჩენილი სხვაობა, დაახლოებით 455 ათასი ლარი, ანაზღაურებული იქნა საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით. აღნიშნული ნაკვეთი მდებარეობდა სტიქიური უბედურების ზონაში. ის, მართალია, არ წარმოადგენდა საცხოვრებელ ტერიტორიას, მაგრამ ეს იყო ადგილი, სადაც საინვესტიციო ვალდებულება იყო განსაზღვრული მემორანდუმით და რადგანაც იქ სტიქიამდე გარკვეული ეკონომიკური აქტივობა იყო დაშვებული, სწორედ ამიტომ, იქნა აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული”, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

მისივე თქმით, მსგავს პრეცედენტს აქამდეც ჰქონდა ადგილი და ამის მაგალითად მერის მოადგილემ თამაზ და მინდია ელიზბარაშვილების ქონება დაასახელა.

”ზუსტად ანალოგიური პროცესი განხორციელდა იგივე თამაზ და მინდია ელიზბარაშვილების ქონების გამოსყიდვის შემთხვევაშიც, როდესაც მათი ქონებაც სამხარაულის ექსპერტიზის მიერ შეფასებულ იქნა, დაახლოებით მილიონნახევარ ლარად და ამ თანხის ნაწილი ანაზრაურებული იქნა მიწის ნაკვეთებით და ნაწილი ფულადი ანაზრაურებით. ამიტომ, ნებისმიერი საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ აქ რაიმე სამართალდარღვევით არის გაკეთებული, არის აბსოლუტურად შეუსაბამო რეალობასთან და ეს არის ძირითადად პოლიტიკური ინტერპრეტაციების მთავარი თემა. მე კიდევ ერთხელ ვაკეთებ განმარტებას და ვაცხადებ, რომ სამართლებრივად დოკუმენტაცია არის გამართული”, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლოში, ”რუსთავი 2”-ის საქმის განმხილველი კოლეგიის თავმჯდომარის, მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმას, ზვიად ნაზღაიძეს თბილისის მერიამ სახელმწიფოს კუთვნილი 1 მილიონი ლარის ქონება გადასცა.