თუ ვინმე ივანიშვილის მსგავს ქველმოქმედებას გასწევს, მასაც უწოდებს ისეთი დონის საზოგადო მოღვაწეს, როგორიც ილია ჭავჭავაძე იყო

თუ ვინმე ივანიშვილის მსგავს ქველმოქმედებას გასწევს, მასაც უწოდებს ისეთი დონის საზოგადო მოღვაწეს, როგორიც ილია ჭავჭავაძე იყო

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი მანანა კობახიძე აცხადებს, რომ თუ ვინმე კიდევ გასწევს ბიძინა ივანიშვილის მსგავს ქველმოქმედებას, მასაც უწოდებს ისეთი დონის საზოგადო მოღვაწეს, როგორადაც შეიძლება ილია ჭავჭავაძეს განიხილავდნენ.

ამის შესახებ კობახიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, დეპუტატ ირმა ნადირაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. „ევროპული საქართველოს“ წევრი დაინტერესდა, მანანა კობახიძის შინაგანი რწმენა ისევ ასეთია თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილი ილია ჭავჭავაძის დონის საზოგადოებრივი მოღვაწეა.

„ილია ჭავჭავაძეს რაც შეეხება, თუ კიდევ ვინმე ამ ქვეყანაში ასეულობით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ისტორიულ ძეგლებს აღადგენს, აფინანსებს უნივერსიტეტებს, აშენებს სკოლებს, ფიზიკურად გადაარჩენს მეცნიერებს, ხელოვან ხალხს, აღადგენს თეატრებს, მე იმასაც ვუწოდებ ისეთი დონის საზოგადო მოღვაწეს, როგორადაც შეიძლება განიხილავდნენ ილია ჭავჭავაძეს“, - განაცხადა კობახიძემ.

„წინასწარ შემიძლია მოგილოცოთ, რომ აყვანილი ხართ მაგ ვაკანსიაზე“, - აღნიშნა საპასუხოდ ირმა ნადირაშვილმა.