ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ გავრცელებული აუდიოჩანაწერის ავთენტურობა, რომელიც თითქოსდა ნიკა გვარამიასა და ზურაბ ადეიშვილის საუბარს ასახავს, გამოძიებამ უნდა დაადგინოს.
რაც შეეხება საუბრის შინაარსს, მდინარაძის თქნით, „ამაში გასაკვირი არაფერია“.
"გამოძიებამ უნდა დაადგინოს ჩანაწერების ავთენტურობა. რაც შეეხება შინაარსს, ამაში გასაკვირი არაფერია, ეს არის მათი სტილი. თუნდაც მონტაჟი იყოს, საინტერესოა, რა მილიონებზე საუბრობდა (გვარამია). ჩანაწერების ავთენტურობა სანამ არ დადგინდება, კონკრეტული ბრალდებები არ შეიძლება გამოითქვას, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ეს არის მათი მოქმედებების სტილი", - განაცხადა მდინარაძემ.
რაც შეეხება გვარამიას მხრიდან ჩანაწერების გამოქვეყნებაში სუს-ის დადანაშაულებას, მდინარაძის თქმით, ყველა ქვეყანაში ადვილია დადანაშაულება კონკრეტული თანამდებობის პირის თუ ხელისუფლების.
საინფორმაციო-ანალიტიკური გამოცემა Українська революція მორიგ ჩანაწერს აქვეყნებს. ამჯერად, პორტალის მტკიცებით, აუდიოჩანაწერი საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილისა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საუბარს ასახავს.
საუბარი, სავარაუდოდ, „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესს შეეხება. ისმის ორი მოსამართლის გვარი - ალავიძე და ახვლედიანი, საიდანაც, როგორც ცნობილია, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ბესარიონ ალავიძე „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლეა. ჩანაწერის მიხედვით, აღნიშნული პირები 3 მილიონის გაცემაზე საუბრობენ, რასთან დაკავშირებითაც, სავარაუდოდ ნიკა გვარამია აღნიშნავს, რომ „3 მილიონი სალაპარაკოც არ უნდა იყოს“, ამასთან, ამბობს, რომ „ახვლედიანმა ალავიძეზე ბევრად უფრო მეტი ფასის საქმე შეასრულა“.
ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ ადეიშვილი თანამოსაუბრეს ეუბნება, რომ „იქ უნდა ჩავიდეს“, რაზეც სავარაუდოდ გვარამია პასუხობს, რომ „ჩაივლის, მაგრამ ყარამანიშვილებთან ლაპარაკის თავი არ მაქვს“ და ყარამანიშვილებს „ავადმყოფს“ უწოდებს, ასევე მას უწმაწური სიტყვებით მოიხსენიებს.
ჩანაწერის ბოლოს სავარაუდოდ ადეიშვილი თანამოსაუბრეს ეუბნება, რომ „ეს მარტო მისი კი არა, ყველას პრობლემებია“.