გვარამია ახვლედიანის სარფიანი გარიგების დეტალები

გვარამია ახვლედიანის სარფიანი გარიგების დეტალები

თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის სახელი საქართველოში ძვირადღირებული ქონების შეძენის გარდა, ოფშორულ ბიზნესშიც ფიგურირებს.

საუბარია Daviton Investments-ზე, რომელიც საქართველოში ჰიდროელექტროსადგურის აშენებას გეგმავდა. კომპანიის რეალური ბენეფიციარი უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ მის უკან უკრაინული ბიზნესჯგუფი დგას.

ამის შესახებ სტატიას „პრაიმტაიმი“ აქვეყნებს.

კომპანიამ საქართველოში საქმიანობის მიზნით დააფუძნა შპს „ჰიდრო ენერჯი ქონსთრაქშენი“, რომლის წილები, საჯარო რეესტრის მონაცემებით, შემდეგნაირად ნაწილდება: 50 პროცენტი – Daviton Investments, 25 პროცენტი – შპს „ფორსი“, რომლის 100-პროცენტიან წილს ფლობს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, ყოფილი დეპუტატი ვახტანგ ბალავაძე, და 25 პროცენტი – შპს „ახვლედიანის საკონსულტაციო ბიურო“, რომლის 100-პროცენტიანი წილის მფლობელი გახლავთ მამუკა ახვლედიანი.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერში „ჰიდრო ენერჯი ქონსთრაქშენის“ ოფიციალურ ელფოსტად მითითითებულია mamukaakhvlediani@yahoo.de. იგივე ელფოსტაა გამოყენებული შპს „ახვლედიანის საკონსულტაციო ბიუროს“ რეგისტრაციისას. საგულისხმოა ისიც, რომ „ჰიდრო ენერჯი ქონსთრაქშენის“ იურიდიული მისამართია თბილისი, იყალთოს ქუჩა #26. აღნიშნულ მისამართზე განთავსებული უძრავი ქონება მამუკა ახვლედიანის მეუღლის, ქეთევან აბესაძის საკუთრებაშია.

მამუკა ახვლედიანმა პირველ ჯერზე ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიასთან ყოველგვარი კავშირი უარყო.

„წარმოდგენაც კი არა მაქვს, ოფშორულ ზონაში რა და როგორ ხდება. პირველად მესმის ამ კომპანიის სახელი“, – გვითხრა ახვლედიანმა, თუმცა სრულიად საპირისპიროზე მეტყველებს 2016 წლის 30 აგვისტოს Daviton Investments-ის მიერ გაცემული მინდობილობა, სადაც ვკითხულობთ:

„ბატონ მამუკა ახვლედიანს მიენიჭოს უფლებამოსილება, კომპანიის სახელით იმოქმედოს და ხელი მოაწეროს ნებისმიერ საბუთს, რომელიც საჭირო იქნება სუბსიდიარი კომპანიის – „ჰიდრო ენერჯი ქონსთრაქშენის“ ჩართვისთვის“.

დოკუმენტში, ასევე, ვკითხულობთ, რომ Daviton Investments არის კვიპროსის რესპუბლიკის კანონმდებლობის ფარგლებში დარეგისტრირებული კომპანია.

„აჰ, გასაგებია, რაზეც საუბრობთ“, – გვითხრა მამუკა ახვლედიანმა მას შემდეგ, რაც „ჰიდრო ენერჯი ქონსთრაქშენ“-ში წილების გადანაწილება დავუზუსტეთ.

„ეს კომპანია ჯერჯერობით მოსამზადებელ სამუშაოებს ატარებს, მას ამ ეტაპზე არავითარი კაპიტალი არა აქვს. მათ სურდათ საქართველოში განეხორციელებინათ პროექტები და გარკვეული სახის იურიდიული დახმარება მთხოვეს.

– კონკრეტულად რა პროექტებზეა საუბარი?

– ჰიდროელექტრო პროექტებზე და ჰესებზეა საუბარი, მაგრამ ჯერჯერობით არავითარი მოქმედება ამ მიმართულებით არ დაუწყიათ.

– ამ კომპანიაში თქვენი პარტნიორია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ვახტანგ ბალავაძეც, რომელიც, თავის მხრივ, „ჰიდრო ენერჯის“ 25 პროცენტს ფლობს… ასეა ხომ?

– დიახ, პარტიას ამ შემთხვევაში არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ის არის ჰიდროენერგეტიკაში და აკეთებს პროექტებს.

– უშუალოდ თქვენთან ვინ აწარმოებდა მოლაპარაკებას და კონკრეტულად ვინ შემოგთავაზათ 25-პროცენტიანი წილი? ანუ მაინტერესებს, რეალურად ვინ დგას ოფშორში რეგისტრირებული კომპანიის უკან?

– იყო რამდენიმე ადამიანი, რომელსაც პირადი ურთიერთობიდან გამომდინარე შევხვდი. უკრაინიდან იყვნენ ჩამოსულნი. გარკვეული ინტერესები გამოხატეს და შევთანხმდით საკონსულტაციო დახმარებაზე.

„პრაიმტაიმთან“ საუბრისას ოფშორულ კომპანიასთან თანამშრომლობას ადასტურებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ვახტანგ ბალავაძეც, თუმცა ამბობს, რომ დაგეგმილი პროექტი არ შედგა.

„ჩვენ გვაქვს საინჟინრო-საპროექტო კომპანია. არიან უკრაინელი ინვესტორები, რომლებიც ფიქრობდნენ საქართველოში ჰიდროელექტროსადგურის აშენებას. დაგვიკავშირდნენ, ერთი მხრივ, ჩვენ, როგორც სამოქალაქო მშენებლობის დაპროექტებაში გამოცდილ კომპანიას და მეორე მხრივ, მამუკა ახვლედიანს იურიდიული მომსახურების გაწევის მიზნით. შემდეგ ერთობლივად დავაფუძნეთ „ჰიდრო ენერჯი ქონსთრაქშენი“. საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ეს თანამშრომლობა არ შედგა, რადგან წინასწარი კვლევები, რაც გავაკეთეთ, არ აღმოჩნდა საინტერესო, როგორც ფინანსურად, ისე ტექნიკური პარამეტრების მხრივ“, – განმარტავს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ვახტანგ ბალავაძე.