ვასილ მაღლაფერიძის აზრით, კრიზისიდან ერთ-ერთი გამოსავალი საინფორმაციოს გარდა, მაუწყებლის ყველა პლატფორმაზე ყველა გადაცემის და წარმოების შეჩერებაა

ვასილ მაღლაფერიძის აზრით, კრიზისიდან ერთ-ერთი გამოსავალი საინფორმაციოს გარდა, მაუწყებლის ყველა პლატფორმაზე ყველა გადაცემის და წარმოების შეჩერებაა

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის თქმით, კრიზისიდან გამოსვლისთვის ერთ-ერთი აუცილებელი ნაბიჯი საინფორმაციოს გარდა, მაუწყებლის ყველა პლატფორმაზე ყველა გადაცემის და წარმოების შეჩერებაა.

”საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალურმა დირექტორმა კრიზისიდან გამოსვლისთვის აუცილებელ ნაბიჯებზე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ჯერჯერობით არსებობს მხოლოდ გეგმა, კონკრეტული გადაწყვეტილებები კი მიღებული ამ ეტაპზე არ არის.

”ჩვენ არ ვიღებთ არანაირ გადაწყვეტილებას. ჩვენ გამოგვაქვს სადისკუსიოდ. ეს არის საექსპერტო გადაწყვეტილება. ჩვენ გვაქვს 39 მილიონი. ამ 39 მილიონით უნდა შევძლოთ ყველა ამოცანის გადაჭრა - გადაიარაღება, ოფისები, არქივი და ამავე დროს ,განვითარება”, - განაცხადა მაღლაფერიძემ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი გენერალური დირექტორის გეგმით, კრიზისიდან გამოსვლისთვის აუცილებელი ნაბიჯებია: მაუწყებლის ყველა პლატფორმაზე ყველა გადაცემის და წარმოების შეჩერება (საინფორმაციო გამოშვებების გარდა) , თანამშრომლების რაოდენობის ოპტიმიზაცია, გამოთავისუფლებული თანხების მიმართვა მატერიალურ-ტექნიკური და ტექნოლოგიური ბაზის გასაახლებლად, მაუწყებლის ყველა სეგმენტში კონკურენციის პრინციპზე გადასვლა, 2017 წელს ოპტიმიზაციის შედეგად გამოთავისუფლდება დაახლოებით 15 მილიონი ლარი, სულ 2017-2019 წლებში ახალ შენობაზე, რეგიონულ ოფისებზე, ტექნიკურ და ტექნოლოგიურ გადაიარაღებაზე, არქივის გაციფვრაზე დაიხარჯება დაახლოებით 45 მილიონი ლარი.