„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ მანანა კობახიძის კანდიდატურის წარდგენას უკან გადადგმულ ნაბიჯად აფასებს. მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" მანანა კობახიძის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს.
"იმ დროს როდესაც სასამართლოს დამოუკიდებლობა არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობას აქვს განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა. სამწუხაროა, რომ დღეს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ აირჩია ის გადაწყვეტილება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ვაკანტური პოზიცია შეავსოს პოლიტიკური ნიშნით დანიშნული მოსამართლით, რომელიც პირდაპირ მიიღებს დაკვეთას როგორც ხელისუფლებისგან, ასევე ბიძინა ივანიშვილისგან. ეს არის კიდევ ერთი უკან გადადმული ნაბიჯი დამოუკიდებელი სასამართლოს განმტკიცების გზაზე. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მანანა კობახიძის კანდიდატურას, რა თქმა უნდა, მხარს არ დაუჭერს", - განაცხადა სამადაშვილმა.