როდესაც ხელისუფლებას არ აქვს სერიოზული არგუმენტები, ჩანაწერებს აყალბებს, ფაბრიკაცია ხდება

როდესაც ხელისუფლებას არ აქვს სერიოზული არგუმენტები, ჩანაწერებს აყალბებს, ფაბრიკაცია ხდება

2012 წლიდან მოყოლებული თავისუფალ მედიაზე თავდასხმა ბიძინა ივანიშვილის უმთავრესი მიზანი გახდა და სწორედ ამ მიზნებისთვის კეთდება ფარული ჩანაწერების ფაბრიკაციაც, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა აკაკი მინაშვილმა განაცხადა.

„მაშინ, როდესაც ხელისუფლებას არ აქვს სერიოზული არგუმენტები, რაიმე სათქმელი, ამ ხერხს მიმართავს - ჩანაწერებს აყალბებს, ფაბრიკაცია ხდება და ამის მეშვეობით ცდილობს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს, მაგრამ საზოგადოებამ კარგად დაინახა, რომ ეს არის სიცრუე, სიყალბე, და ეს მხოლოდ ხელისუფლების პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება. უკვე არავის არ ეპარება ეჭვი, რომ 2012 წლიდან ბიძინა ივანიშვილის მთავარი სამიზნე თავისუფალი მედია გახდა და ამისთვის ის ყველანაირ ბინძურ მეთოდებს იყენებს“, - აცხადებს მინაშვილი.

საინფორმაციო-ანალიტიკური გამოცემა Українська революція მორიგ ჩანაწერს აქვეყნებს. ამჯერად, პორტალის მტკიცებით, აუდიოჩანაწერი საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილისა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საუბარს ასახავს.

საუბარი, სავარაუდოდ, „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესს შეეხება. ისმის ორი მოსამართლის გვარი - ალავიძე და ახვლედიანი, საიდანაც, როგორც ცნობილია, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ბესარიონ ალავიძე „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლეა. ჩანაწერის მიხედვით, აღნიშნული პირები 3 მილიონის გაცემაზე საუბრობენ, რასთან დაკავშირებითაც, სავარაუდოდ ნიკა გვარამია აღნიშნავს, რომ „3 მილიონი სალაპარაკოც არ უნდა იყოს“, ამასთან, ამბობს, რომ „ახვლედიანმა ალავიძეზე ბევრად უფრო მეტი ფასის საქმე შეასრულა“.

ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ ადეიშვილი თანამოსაუბრეს ეუბნება, რომ „იქ უნდა ჩავიდეს“, რაზეც სავარაუდოდ გვარამია პასუხობს, რომ „ჩაივლის, მაგრამ ყარამანიშვილებთან ლაპარაკის თავი არ მაქვს“ და ყარამანიშვილებს „ავადმყოფს“ უწოდებს, ასევე მას უწმაწური სიტყვებით მოიხსენიებს.

ჩანაწერის ბოლოს სავარაუდოდ ადეიშვილი თანამოსაუბრეს ეუბნება, რომ „ეს მარტო მისი კი არა, ყველას პრობლემებია“.