”ნაცმოძრაობა” მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახის მიერ ბიუჯეტიდან მილიონი ლარის მიღების თაობაზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

”ნაცმოძრაობა” მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახის მიერ ბიუჯეტიდან მილიონი ლარის მიღების თაობაზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

”ნაციონალური მოძრაობა” მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონი ლარის მიღების თაობაზე სისხლის სამართლის გამოძიების დაწყებას ითხოვს, - ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

დეკანოიძის შეფასებით, საქმე გვაქვს კორუფციულ ფაქტთან და გარიგებასთან. მისივე თქმით, პირველ რიგში მოსამართლეს უნდა შეუჩერდეს უფლებამოსილება და დაიწყოს აღნიშნულ საქმეზე გამოძიება.

”ეს არის უპრეცედენტო, როდესაც სახელმწიფო მოსამართლეს უხდის ქრთამს იმისთვის, რომ ხელში ჩაიგდოს თავისუფალი მედია, კერძოდ ”რუსთავი 2”. აუცილებლად უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე. უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეს მოსამართლეს, რომელიც არის კორუმპირებული და წყვეტს ადამიანების ბედს. ასევე უნდა დადგეს იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც ასეთი ბინძური მოქმედებით ჩრდილი მიაყენეს სასამართლოს, თუმცა სასამართლო უკვე არავის ეპარება ეჭვი, რომ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა ბიძინა ივანიშვილს შეუქმნას ყველანაირი კომფორტი. ეს ძალიან საგანგაშოა და აქ არავითარ ევროპულ ღირებულებებზე საუბარი არაა”, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. მისივე თქმით, გამოძიების დაწყების და მისი ობიექტურად წარმართვის იმედი არა აქვს.

ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლოში, ”რუსთავი 2”-ის საქმის განმხილველი კოლეგიის თავმჯდომარის, მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმას, ზვიად ნაზღაიძეს თბილისის მერიამ სახელმწიფოს კუთვნილი 1 მილიონი ლარის ქონება გადასცა.