მოსამართლეს ქრთამს უხდიან მოსახლეობის ჯიბიდან, ხელისუფლება ყველაფერს კადრულობს ”რუსთავი 2”-ის დასახურად

მოსამართლეს ქრთამს უხდიან მოსახლეობის ჯიბიდან, ხელისუფლება ყველაფერს კადრულობს ”რუსთავი 2”-ის დასახურად

კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ხელისუფლება ყველაფერს კადრულობს ”რუსთავი 2”-ის წასაღებად და დასახურად, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი ირმა ნადირაშვილი „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ სიუჟეტს, რომლის მიხედვითაც სააპელაციო სასამართლოში „რუსთავი 2“-ის საქმის განმხილველი მოსამართლის, ნატა ნაზღაიძის ოჯახს ბიუჯეტიდან მილიონი ლარი გადაერიცხა.

როგორც ნადირაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის უკიდურესი ცინიზმი, როდესაც მოსამართლეს ბიძინა ივანიშვილი ქრთამს არა საკუთარი ჯიბიდან, არამედ მოსახლეობის ჯიბიდან უხდის.

”იმ ფაქტებით, რომელიც გუშინ იყო გამოტანილი, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ხელისუფლება ყველაფერს კადრულობს ”რუსთავი 2”-ის წასაღებად და დასახურად. გუშინ ვნახეთ უკიდურესი ცინიზმი, როდესაც მოსამართლეს ქრთამს უხდიან გაღარიბებული მოსახლეობის ჯიბიდან. ბიძინა ივანიშვილმა ისიც კი არ გააკეთა, რომ საკუთარი ჯიბიდან გადაეხადა ქრთამი, ეს ფული ჩვენ გადაგვახდევინა. არსებობს ბევრი კითხვა ამ თემასთან დაკავშირებით. პირველ რიგში მოვითხოვთ „საქართველოს ბანკმა“ გააკეთოს განმარტება, რომელი მაღალჩინოსნის ბრძანებით მოხდა, რომ წართმეული ნაკვეთი ფულის გადახდის გარეშე დაუბრუნეს მფლობელს. განმარტება უნდა გააკეთოს თბილისის მერიამაც, თუ როგორ გამოცხადდა ყოვლად უვარგისი მიწა სახელმწიფოსთვის საჭირო მიწის ნაკვეთად და როგორ გადაიხადეს მასში მილიონ ლარზე მეტი. ამ კითხვებით მივმართავთ პროკურატურასაც”, - განაცხადა ნადირაშვილმა.

რაც შეეხება უკრაინულ საიტზე დღეს გამოქვეყნებულ ნიკა გვარამიასა და ზურაბ ადეიშვილს შორის სავარაუდო სატელეფონო საუბარს, ნადირაშვილის თქმით, ეს არის მცდელობა ნაზღაიძის საქმის გადაფარვის.

”ძალიან კარგად ვიცით ამის გამომქვეყნებლის სახელი და გვარი. ეს არის სოსო გოგაშვილი, რომელიც სუს-ში უშუალოდ ამაზეა დასაქმებული. ალბათ განმარტებას გააკეთებენ გვარამია და ადეიშვილიც, თუმცა ეს ჩანაწერი არის აბსოლუტურად უშინაარსო. ერთი ფრაგმენტი მიბმულია მეორეზე. ეს არის მცდელობა გუშინდელი საქმის გადაფარვის და ასე იქცევა ხელისუფლება, როდესაც რთულად აქვს ხოლმე საქმე”, - განაცხადა ნადირაშვილმა.