დონალდ ტრამპი:   მოსამართლემ ქვეყნის კარები გაუღო პოტენციურ ტერორისტებს

დონალდ ტრამპი: მოსამართლემ ქვეყნის კარები გაუღო პოტენციურ ტერორისტებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფედერალური მოსამართლე გააკრიტიკა, რომელმაც საიმიგრაციო კონტროლის გამკაცრებაზე ტრამპის განკარგულება დაბლოკა.

„ვერ ვიჯერებ, რომ მოსამართლემ ასეთ საფრთხეში ჩააყენა ჩვენი ქვეყანა. თუ რაიმე მოხდება, მას დააბრალეთ და სასამართლო სისტემას“, - დაწერა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე.

მისივე განაცხადებით, უსაფრთხოების სამსახურებს დაავალა აშშ-ში შესული ადამიანების საფუძვლიანი შემოწმება და აღნიშნა, რომ „სასამართლოები ძალიან ართულებენ მუშაობას“ ამ კუთხით.

მისი თქმით, „მოსამართლემ ქვეყნის კარები გაუღო პოტენციურ ტერორისტებს“.

გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების სააპელაციო სასამართლომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შეტანილი სარჩელი არ დააკმაყოფილა. თეთრი სახლის ახალმა ლიდერმა სიეტლის ფედერალური სასამართლოს მიერ 4 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივრა და საიმიგრაციო განკარგულების მოქმედების აღდგენა მოითხოვა, რომელიც შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს ამერიკაში შესვლას უკრძალავდა.

ფედერალური სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ქვეყანაში ანულირებული ვიზების აღდგენა დაიწყო. მიგრანტების აკრძალვის განკარგულების გაცემის მომენტიდან ჯამში 100 ათასი ამერიკული ვიზა გაუქმდა.