იურიდიულ კომიტეტში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ მანანა კობახიძეს მოუსმენენ

იურიდიულ კომიტეტში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ მანანა კობახიძეს მოუსმენენ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დღეს, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ მანანა კობახიძეს მოუსმენენ. კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად ფრაქცია ”ქართულმა ოცნებამ” წარადგინა.

კომიტეტის აპარატის ინფორმაციით, კომიტეტი განიხილავს კობახიძის კანდიდატურასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, მათ შორის მისი ბიოგრაფიული ცნობების, შრომითი გამოცდილებისა და პროფესიული ცოდნის შესაბამისობას კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ მოთხოვნებთან. კანდიდატურასთან დაკავშირებით, კომიტეტი ფარული კენჭისყრის საფუძველზე მიიღებს გადაწყვეტილებას და შეიმუშავებს დასკვნას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მისი არჩევის საკითხის განხილვის თაობაზე.

საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის ერთი თანამდებობა, რომელზეც კანდიდატურა პარლამენტს უნდა წარედგინა, სექტემბრიდან ვაკანტურია. წარდგენის ვადა და ამ თვალსაზრისით ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონით დადგენილი ნორმა კანონმდებლებმა დაარღვიეს, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრის გამწესება საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არა უადრეს ერთი თვისა და არა უგვიანეს ათი დღისა უნდა მოხდეს.