ვარ სრულიად საბრძოლო განწყობაზე და ვაპირებ გავაგრძელო „რეალური სივრცე“, სანამ ცოცხალი ვარ

ვარ სრულიად საბრძოლო განწყობაზე და ვაპირებ გავაგრძელო „რეალური სივრცე“, სანამ ცოცხალი ვარ

მე ვარ სრულიად საბრძოლო განწყობაზე და ვაპირებ გავაგრძელო „რეალური სივრცე“, სანამ ცოცხალი ვარ, - ამის შესახებ გადაცემა „რეალური სივრცის“ წამყვანმა ნინო ზაუტაშვილმა განაცხადა, რომელიც „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ გადაცემა „რეალური სივრცისადმი“ სოლიდარობის ნიშნად „მწვანე მუშტის“ მიერ გამართულ აქციას შეუერთდა.

ზაუტაშვილმა აქციის მონაწილეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „ყველას გთხოვთ, ვიყოთ ყურადღებით. ჩვენ ხვალ, 12.00 საათიან გამოსვლას სულგანაბული ველოდებით. მე ვარ სრულიად საბრძოლო განწყობაზე, რომ „რეალურმა სივრცემ“ გააგრძელოს საქმიანობა. მიგულეთ თქვენს გვერდით. ჩვენი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რომ „რეალური სივრცე“ შევინარჩუნოთ“, - განაცხადა ზაუტაშვილმა.

მისივე თქმით, მისთვის ცნობილია ის გადაწყვეტილება, რომელსაც ხელმძღვანელობა გადაცემასთან დაკავშირებით მიიღებს, თუმცა აპირებს, რომ ხვალ, 12.00 საათს დაელოდოს, როდესაც „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ახალი ხელმძღვანელობა განცხადებას გააკეთებს. ზაუტაშვილის თქმით, თუ 12.00 საათზე არ იქნება გაცხადებული „რეალური სივრცის“ მომავლის შესახებ, 18.00 საათზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.