თებერვალში 9200 მასწავლებელი ზოგადპროფესიული უნარების კურსის მეორე ეტაპს გაივლის

თებერვალში 9200 მასწავლებელი ზოგადპროფესიული უნარების კურსის მეორე ეტაპს გაივლის

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში, რომელსაც სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს, მასწავლებლებისთვის ზოგადპროფესიული უნარების კურსის მეორე მოდულის მიხედვით მასწავლებელთა გადამზადება დაიწყო.  

ზოგადპროფესიული უნარების კურსის მეორე მოდული - „მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო -  სწავლებისა და შეფასების სტრატეგიები"  თებერვლის თვეში ჩატარდება და მასში საქართველოს მასშტაბით 9200 მასწავლებელი ჩაერთვება. ტრენინგები 20-ზე მეტ ქალაქში მდებარე პროექტის პარტნიორ სკოლებში გაიმართება.   

ტრენინგმოდული ადგილობრივი და საერთაშორისო კონსულტანტების მიერ მასწავლებელთა საჭიროებაზე დაფუძნებით შემუშავდა.    

აღნიშნული ტრენინგში VII-XII კლასების მათემატიკის, ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, გეოგრაფიისა და ინგლისურის ენის ის მასწავლებლები ჩაერთვებიან, რომელთაც უკვე გაიარეს ტრენინგი ზოგადპროფესიული უნარების კურსის პირველი მოდულის მიხედვით 2017 წლის ოქტომბერ-ნოემბერში. 

ტრენინგი მონაწილეებს სასწავლო მიზნების სწორად განსაზღვრასა და ფორმულირებაში, სწავლა-სწავლების პროცესის ეფექტურად დაგეგმვაში და სხვადასხვა სახის განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტებისა და სტრატეგიების გამოყენებაში დაეხმარება. 

ასევე, ტრენინგზე მიღებული ცოდნის საფუძველზე, მასწავლებლები შეძლებენ მოახდინონ სწავლების მოდიფიცირება მოსწავლეების გენდერის, სოციალური განსხვავებებისა და შესაძლებლობების შესაბამისად.

პროექტის ფარგლებში, ტრენინგებში მონაწილეობის საშუალება ექნებათ უმცირესობების წარმომადგენელ პედაგოგებსაც. საგანგებოდ მათთვის ითარგმნება სატრენინგო მასალა  და გადამზადდებიან რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვანი ტრენერები.

პროექტის ფარგლებში, 2016-2018 წლებში, მასწავლებლები გაივლიან ორ სატრენინგო კურსს:

ზოგადპროფესიულ უნარებში (სამი თორმეტსაათიანი მოდული; სულ 36 საათი - 3 კრედიტქულა)

აქტიური სწავლება საგანში  (ერთი ოცდაოთხსაათიანი მოდული  - 2 კრედიტქულა)

ტრენინგებს მასწავლებლები ორ ნაკადად გაივლიან. მასწავლებლების პირველი ნაკადის პროფესიული განვითარების კურსი   2016 წლის ოქტომბრის თვეში დაიწყო და 2017 წლის ივლისში დასრულდება (ზოგადპროფესიული უნარებსა და საგნობრივ მეთოდიკაში); მასწავლებელთა მეორე ნაკადი კი გადამზადების იგივე კურსს 2017 ოქტომბერი - 2018 ივლისის  პერიოდში გაივლის. 

”ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ პროექტს აფინანსებს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია და  ახორციელებს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი,  საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია IREX- ის ექსპერტული მხარდაჭერითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.