ჯეიმს მეტისმა ირანი ტერორიზმის მთავარ სპონსორად დაასახელა

ჯეიმს მეტისმა ირანი ტერორიზმის მთავარ სპონსორად დაასახელა

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მეტისმა ირანი ტერორიზმის ერთ-ერთ მთავარ სპონსორად დაასახელა. შესაბამისი განცხადება ჯეიმს მეტისმა ტოკიოში თავის იაპონელ კოლეგასთან პრესკონფერენციაზე გააკეთა. 

„რაც შეეხება ირანის პრობლემას, ეს სახელმწიფო მსოფლიო ტერორიზმის ერთ-ერთი მთავარი სპონსორია. ჩვენ უნდა გავაგებინოთ ეს ირანს“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა. 

ამავდროულად ჯეიმს მეტისმა აღნიშნა, რომ „ირანის პრობლემასთან დაკავშირებით, ახლო აღმოსავლეთში ამერიკის სამხედრო ყოფნის გაზრდის საჭიროებას ვერ ხედავს“. 

აღსანიშნავია, რომ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეირანის მიერ ბალისტიკური რაკეტების შექმნის პროგრამის შემუშავებასთან დაკავშირებით, ირანის სასანქციო სია გაზარდა, რომელიც 13 ფიზიკურ პირს და 12 კომპანიას ეხება.

აღნიშნულ 13 პირს შორის არიან ირანის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, ჩინეთის, ქუვეითისა და ლიბანის მოქალაქეები. 
აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 2 თებერვალს ირანი ოფიციალურად გააფრთხილა. ირანის პრეზიდენტის მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში ალი აქბარ ველაიათიმ საპასუხოდ განაცხადა, რომ თეირანს სხვა ქვეყნების თანხმობა არ სჭირდება საკუთარი თავის დაცვისთვის, ხოლო ირანისადმი მუქარა უსარგებლოა.