გამოკითხვის თანახმად, ემანუელ მაკრონი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების ფავორიტია

გამოკითხვის თანახმად, ემანუელ მაკრონი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების ფავორიტია

საფრანგეთის ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა და პოლიტიკური მოძრაობა „წინ“-ის საპრეზიდენტო კანდიდატმა ემანუელ მაკრონმა რეიტინგებში „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატს ფრანსუა ფიიონს გაუსწრო და საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების ფავორიტი გახდა, - აღნიშნულზე მიუთითებს BVA-Salesforce-ის მიერ გამოქვეყნებული გამოკითხვა.

გამოკითხვის შედეგად მიღებული მონაცემების თანახმად, ემანუელ მაკრონი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გადის, სადაც „ეროვნული ფრონტის“ ლიდერს მარინ ლე პენს დაუპირისპირდება. 

გამოკითხვა აჩვენებს, რომ მეორე ტურში ემანუელ მაკრონი დიდი უპირატესობით ამარცხებს „ეროვნული ფრონტის“ ლიდერს და ამომრჩეველთა ხმების 66%-ს მიიღებს. 

რაც შეეხება ფრანსუა ფიიონს, რომლის რეიტინგი იანვრის დასაწყისში 24%-ს შეადგენდა, მისი მეუღლის საქმის გახმაურების შემდეგ, რეიტინგი 20%-მდე დაეცა, რაც მას საშუალებას არ აძლევს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გასვლის. 

მმართველი სოციალისტური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი ბენუა ამონი კი, გამოკითხვის თანახმად, ხმათა 17%-ს მიიღებს.

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 23 აპრილს, ხოლო მეორე ტური 7 მაისს გაიმართება.