ირანმა ტრამპის ადმინისტრაციის გაფრთხილების საპასუხოდ დღეს მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო

ირანმა ტრამპის ადმინისტრაციის გაფრთხილების საპასუხოდ დღეს მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო

ირანმა ტრამპის ადმინისტრაციის გაფრთხილებისა და მისთვის დაწესებული ახალი სანქციების საპასუხოდ, დღეს მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო, - იუწყება ამერიკული გამოცემა The Washington Post. 

ირანის „რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ წარმომადგენლების განაცხადებით, წვრთნების ფარგლებში მოხდება სარაკეტო და რადარების სისტემების გამოცდა. მათი განცხადებით, სამხედრო წვრთნების მიზანია „ირანის რევოლუციის ძალის ჩვენება“. 

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეირანის მიერ ბალისტიკური რაკეტების შექმნის პროგრამის შემუშავებასთან დაკავშირებით, ირანის სასანქციო სია გაზარდა, რომელიც 13 ფიზიკურ პირს და 12 კომპანიას ეხება.

აღნიშნულ 13 პირს შორის არიან ირანის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, ჩინეთის, ქუვეითისა და ლიბანის მოქალაქეები. 

აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 2 თებერვალს ირანი ოფიციალურად გააფრთხილა. ირანის პრეზიდენტის მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში ალი აქბარ ველაიათიმ საპასუხოდ განაცხადა, რომ თეირანს სხვა ქვეყნების თანხმობა არ სჭირდება საკუთარი თავის დაცვისთვის, ხოლო ირანისადმი მუქარა უსარგებლოა.