„ოქროს სამყაროს“ კომერციული დირექტორი ხელისუფლებას მიმართავს

„ოქროს სამყაროს“ კომერციული დირექტორი ხელისუფლებას მიმართავს

„ოქროს სამყაროს“ კომერციული დირექტორი ამირან მარიამიძე ხელისუფლებას სთხოვს გამოინახოს რაიმე სახის საშუალება, რათა ის მოვაჭრეები, რომლებსაც დახლებში ჰქონდათ შენახული პროდუქცია, ტერიტორიაზე შეუშვან. 

როგორც მარიამიძემ განაცხადა, მეექვსე დღეა ვერ ხერხდება მოვაჭრეების ტერიტორიაზე შეშვება, რის გამოც მცირე ინციდენტები ხდება. 

”ექვსი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც „ბავშვთა სამყაროში“ ეს ტრაგიკული მოვლენა მოხდა. საბედნიეროდ, მოვაჭრეების ნაწილი, რომლებსაც საცავში ჰქონდა პროდუქცია შენახული, შევიდა ტერიტორიაზე და გამოიტანა ნაკეთობები, თუმცა რჩება მოვაჭრეთა ნაწილი, რომლებსაც დახლებში ჰქონდათ შენახული პროდუქცია. მათი ტერიტორიაზე შეშვება ვერ ხერხდება, რადგან არსებობს შენობის ჩამოშლის საფრთხე, რამაც შეიძლება ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლოს. მინდა მივმართო ყველა უწყებას, პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, შსს-ს, მერიას და ყველა სახელმწიფო სტრუქტურას როგორმე გამოინახოს საშუალება და ეს ადამიანები დაშვებული იყვნენ ტერიტორიაზე, რათა მათ მოახერხონ საკუთარი პროდუქციის ნახვა და გატანა. იმის გამო, რომ ვერ ხერხდება ამ ადამიანების შეშვება, ხდება ისეთი ინციდენტები, როგორიცაა გზის გადაკეტვა, ასევე შეხლა-შემოხლა პოლიციასთან. ეს უსიამოვნო ინციდენტები რომ თავიდან იქნას აცილებული უნდა გამოინახოს საშუალება, ისინი შევიდნენ ტერიტორიაზე და დაათვალიერონ საკუთარი დახლები”, - განაცხადა ამირან მარიამიძემ.