“ნაციონალური მოძრაობა“ კამპანიას - „ნაციონალური მოძრაობა - ხალხის პარტია“ იწყებს

“ნაციონალური მოძრაობა“ კამპანიას - „ნაციონალური მოძრაობა - ხალხის პარტია“ იწყებს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყრილობაზე თქმული ერთ-ერთი მთავარი დაპირების ასასრულებლად, კამპანიას - „ნაციონალური მოძრაობა - ხალხის პარტია“ იწყებს. 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის გახსნილობასთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ. 

„ჩვენ ვაღებთ კარს და გიწვევთ პარტიის ღიაობისა და ჩართულობის პლატფორმაზე სამუშაოდ. 

ძვირფასო თანამებრძოლებო, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განახლებაში უმნიშვნელოვანესია თითოეული თქვენგანის მონაწილეობა. ენმ ერთად კვლავ უნდა ვაქციოთ სახალხო პარტიად, რომელიც იდეისა და პროგრამის გარშემო გააერთიანებს ჩვენს მეტ თანამოქალაქეს ივანიშვილის კოლაბორაციონისტი, მოღალატე ხელისუფლების შესაცვლელად და საქართველოს პროგრესისა და განვითარების გზაზე დასაყენებლად, მოქალაქეების კეთილდღეობის და წარმატების უზურნველსაყოფად. 

ჩვენ უნდა ავამოქმედოთ გადაწყვეტილებების შემუშავებისა და მიღების პროცესში თქვენი აქტიური ჩართულობის მრავლაფეროვანი და საინტერესო მექანიზმი. ამასთან დაკავშირებით გთხოვთ მოგვაწოდოთ იდეები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფიციალურ facebook გვერდზე და ელექტრონულ ფოსტაზე (info@unm.ge). დიდი ინტერესით დაველოდებით თქვენს წინადადებებს. 

მოვდევნო კვირას, 10 თებერვალს, 18:00 საათზე, მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ყველა მსურველს გელით ღიაობის და ჩართულობის პლატფორმის ირგვლივ ღია დისკუსიაზე. 

თქვენი იდეები, რჩევები, რეკომენდაციები, კრიტიკული შენიშვნები, ჩვენთვის ღირებული და მნიშვნელოვანია. ერთად ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორ ვაქციოთ ენმ თანაპარტიელებთან, მხარდამჭერებთან და მოსახლეობასთან ერთად მჭიდრო თანამშრომლობის პარტიად“, - ნათქვამია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ მიმართვაში.