მეცხრე დღეა სააქციო საზოგადოება „რუსთავის აზოტიდან“ გათავისუფლებული მუშები საპროტესტო აქციას მართავენ

მეცხრე დღეა სააქციო საზოგადოება „რუსთავის აზოტიდან“ გათავისუფლებული მუშები საპროტესტო აქციას მართავენ

მეცხრე დღეა სააქციო საზოგადოება „რუსთავის აზოტიდან“ გათავისუფლებული მუშები და პროფკავშირების წარმომადგენლები ერთობლივ საპროტესტო აქციას მართავენ. 

დღეს ქარხნიდან განთავისუფლებული მუშები საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფკავშირების, ასევე „რუსთავის აზოტის” პროფკავშირების წარმომადგენლებთან ერთად საწარმოს ადმინისტრაციულ შენობასთან შეიკრიბნენ. საწარმოდან გათავისუფლებული მუშები სამსახურში უპირობო დაბრუნებას მოითხოვენ. 

როგორც პროფკავშირების წარმომადგენლები აცხადებენ, საწარმოს ხელმძღვანელობა სამსახურიდან გათავისუფლებულ მუშებს სამი თვის განმავლობაში კომპენსაციის გადახდას დაჰპირდა, თუმცა მუშებს ეს კომპენსაცია არ სჭირდება. პროფკავშირები მოითხოვენ სამსახურიდან გათავისუფლებული 350 მუშა სამსახურში აღადგინონ და მათ ხელფასი გადაუხადონ. 

დღეს აქციაზე იმყოფება „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ რუსთავის ოფისის ხელმძღვანელი ეკატერინე ფავლენიშვილი. როგორც მან ”ინტერპრესნიუსთან” საუბარში განაცხადა, საიამ სააქციო საზოგადოება „რუსთავის აზოტიდან“ გათავისუფლებულ მუშებს იურიდიული დახმარების გაწევა შესთავაზა. 

სააქციო საზოგადოება ”აზოტის” საწარმოს ადმინისტრაციულ შენობასთან სამართალდამცავები იმყოფებიან. 

აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი აქცია მშვიდობიანია და კიდევ ერთხელ მოუწოდებენ როგორც საწარმოს ხელმძღვანელობას, ასევე ხელისუფლებას, რომ დროულად ჩაერიონ პრობლემის გადაჭრაში.