რომ არა რუსეთთან დიალოგი, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით შედეგის მიღება ძალიან გაჭირდებოდა

რომ არა რუსეთთან დიალოგი, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით შედეგის მიღება ძალიან გაჭირდებოდა

ჩვენი ევროპული პროექტის წარმატებით განხორციელების ერთ-ერთი ფაქტორი რუსეთთან დიალოგიც გახლავთ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განუცხადა.

იგი ევროპარლამენტის გუშინდელ გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების თაობაზე ისტორიულად მიიჩნევს და აცხადებს, რომ „ეს არის ნათელი საბუთი იმისა, რომ ქვეყანა სამაგალითოდ გონივრულ საგარეო პოლიტიკას ატარებს.

„ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო ევროპარლამენტმა ვიზალიბერალიზიასთან დაკავშირებით და ეს არის ძალიან კარგი საბუთი იმისა, რომ საქართველო მართლაც ატარებს სამაგალითოდ გონივრულ საგარეო პოლიტიკას ამ რთულ ეპოქაში, რთულ სამყაროში და რთულ რეგიონში. იმედი მაქვს, რომ ჩვენს ამ მაგალითს და გამოცდილებას ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიც გამოიყენებენ იმისთვის, რომ მათაც მიაღწიონ ასეთ შედეგებს - მხედველობაში მაქვს უკრაინა და სხვა ქვეყნები, რომლებთანაც ჩვენ მეგობრული ურთიერთობები გვაკავშირებს. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ევროპული პროექტის წარმატებით განხორციელების ერთ-ერთი ფაქტორი რუსეთთან დიალოგიც გახლავთ. რომ არა ის დიალოგი, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ რუსეთთან, მერწმუნეთ, ძალიან გაჭირდებოდა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა და ახლა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ასეთი შედეგის მიღება“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ რუსეთს საკმარისი ბერკეტები ჰქონდა როგორც საქართველოსთან, ისე რეგიონთან მიმართებაში, რათა ამ პროცესისთვის ხელი შეეშალა. კითხვაზე, რუსეთმა ბერკეტების ამოქმედებაზე საქართველოსთან მხოლოდ დიალოგის ხათრით თქვა თუ არა უარი, ზურაბ აბაშიძე პასუხობს: „დიალოგისა და სხვა გონივრული ნაბიჯების გამო ხდება ის, რომ ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წინ ჩვენი ევროპული პროექტის განხორციელების თვალსაზრისით და მაქსიმალურად ვიღებთ იმ შედეგს რუსეთთან ურთიერთობებში, რა შედეგის მიღწევაც შეიძლება იმ მთავარი სირთულეების გათვალისწინებით, რომლებიც 2008 წლის ომის შემდეგ წარმოიშვა. ამ დიალოგის გაგრძელება აუცილებელია. ამას გვირჩევენ და გვთხოვენ ყოველთვის ჩვენი პარტნიორებიც. ახლაც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი სებასტიან კურცი იმყოფებოდა საქართველოში და მისი რჩევაც ასეთია: იმუშავეთ ევროპის ქვეყნებთან, გააგრძელეთ დიალოგი რუსეთთან“, - განაცხადა პრემიერის სპეცწარმომადგენელმა.

რაც შეეხება იმას, ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაცია გახდება თუ არა ფაქტორი რუსეთისთვის, რომ მანაც გააუქმოს სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის, აბაშიძის აზრით, ეს სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა, თუმცა იგი რუსული მხარის მისაღებია.

“ჩვენ ჩვენი გასაკეთებელი საქმე გავაკეთეთ - უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ბევრი ქვეყნის, მათ შორის რუსეთის მოქალაქეებისთვის გავაუქმეთ ვიზები და შარშან მივიღეთ რეკორდული რაოდენობა ტურისტებისა, მათ შორის, 1 მილიონი რუსეთის მოქალაქეა და ეს ჩვენი ეკონომიკისთის ძალიან დიდი სარგებელია. შარშან ამოქმედდა რუსეთის მხრიდან გამარტივებული რეჟიმი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის და ამ გამარტივებული ვარიანტის გამო, რუსეთში წამსვლელთა რაოდენობა საქართველოდან გაორმაგდა. წინა წლებში 20-22 ათასი ვიზა გაიცემოდა რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისათვის, შარშან კი, გამარტივებული სავიზო რეჟიმის გამო ეს რაოდენობა გაცილებით მეტი იყო. თუ რუსეთი გადადგამს შემდგომ ნაბიჯს სავიზო რეჟიმის შემდგომი გამარტივების ან გაუქმების თვალსაზრისით, ეს სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი იქნება და ჩვენ ამას მივესალმებით. თუმცა ჩვენ არ შეგვიძლია, რუსეთს დავაძალოთ და თავს მოვახვიოთ ჩვენი ნება. ეს მათი მისაღები გადაწყვეტილებაა“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.