გოგა ხაინდრავა: „ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო გადატრიალებას ცდილობს

გოგა ხაინდრავა: „ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო გადატრიალებას ცდილობს

“დღეს დამირეკეს და მითხრეს, რომ ძალიან საინტერესო პერფორმანსის მომსწრე გახდა ქართული საზოგადოება”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ განაცხადა.

გოგა ხაინდრავა შემაძრწუნებელს უწოდებს მოსამართლეების მისამართით დაწყებულ ხმაურს და დეზინფორმაციის ტირაჟირებაში „ნაციონალურ მოძრაობას“ და ნიკა გვარამიას ადანაშაულებს.

„ნიკა გვარამიამ ისეთი დრამა შემოგვთავაზა, უნდა დაძაბულიყო მთელი საზოგადოება. თურმე, ხორციელდება ზეწოლა მოსამართლეებზე, ამ ზეწოლაზე საუბრობდა მხოლოდ ნიკა გვარამია და კომუნისტური პარტია -„ნაციონალური მოძრაობა“, შემდეგ ამას აჰყვა ბაქრაძე და ყველაფერი გაიგო მელიამ, აბა რისი მელიაა, თურმე, მოსამართლეებს განცხადება გაუკეთებიათ, თუმცა რომელ ქვეყანაში მოხდა ეს და სად იყო, ვერც მელიამ გაიგო, ვერც ბაქრაძემ და საზოგადოება შეიყვანეს შეცდომაში. ეს არის მარტივი სცენა სკანდალის, რომელსაც მხარს დაუჭერს საზღვარგარეთ მყოფი კორუფციონერების ჯგუფი“, – განაცხადა ხაინდრავამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ხაინდრავა პარალელს ავლებს „ნაციონალური მოძრაობის“ ადრინდელ და ახალ განცხადებებს შორის . ის თვლის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო გადატრიალებას ცდილობს და საზოგადოებას პაპუაშვილის თემას ახსენებს.

„ეს ახალი ამბავი არაა, ეს ემსახურებოდა იმას, რომ საქართველო არ გამხდარიყო ვიზალიბერალიზაციის ღირსი, ეს სქემა ადრეც გამოიყენეს, არჩევნების წინ, რათა აერიათ სიტუაცია. მაშინ გავხდით მომსწრე უპრეცედენტო განცხადებისა, რომელიც პაპუაშვილმა გააკეთა და სადაც ის ამბობდა, რომ თითქოს იყო უპრეცედენტო ზეწოლა მოსამართლეებზე, თუმცა ამაში ჩაერია ყველა სახელმწიფო სტრუქტურა, თუმცა პაპუაშვილმა არავის არ გაუმხილა, რა სახის ზეწოლა იყო ან ვისზე და რატომ. ინსტრუქციები კიევიდან მოდიოდა, სადაც ჩაერთო „პრავდა-2“ და დაიწყო ბარიკადების აშენება. ასევე ვერ ასაბუთებენ ახლა, თუ ვისზეა ზეწოლა და რა სახის, ეს ემსახურება საკონსტიტუციო გადატრიალების მცდელობას“, – განაცხადა ხაინდრავამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.