ვიზალიბერალიზაციის შემდეგ, ივანიშვილს ხელს აღარაფერი შეუშლის „რუსთავი 2“-ის ხელში ჩასაგდებად შეტევა განაახლოს

ვიზალიბერალიზაციის შემდეგ, ივანიშვილს ხელს აღარაფერი შეუშლის „რუსთავი 2“-ის ხელში ჩასაგდებად შეტევა განაახლოს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შეფასებით, ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდეგ, ხელისუფლებისთვის აღარ არსებობს ფორმალური შემაკავებელი ფაქტორი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ხელს შეუშლის, რომ „რუსთავი 2“-ის ხელში ჩასაგდებად შეტევა განაახლოს. აქედან გამომდინარე, პარტიაში მიიჩნევენ, რომ ქართველმა ხალხმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ „რუსთავი 2“ ყველა შესაძლო მეთოდით უნდა დაიცვან.

როგორც ”ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა ბიბილაშვილმა განაცხადა, ეს საკითხი იყო ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

„ელჩებთან ვისაუბრეთ მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე. მადლობა გადავუხადეთ მათ გუშინდელი მხარდაჭერისთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესში. რა თქმა უნდა, „რუსთავი 2“-ის საკითხი იყო ერთ-ერთი ცენტრალური თემა. ჩვენ გავაცანით ის პრობლემატიკა, რომელიც ამასთან არის დაკავშირებული. ჩვენ ამ დღემდეც ვეუბნებოდით, რომ მას შემდეგ, რაც ვიზალიბერალიზაციის საკითხი გადაწყდება, „რუსთავი 2“-ის მიმართ რისკები მნიშვნელოვნად იზრდებოდა. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ და ქართველმა ხალხმა გამოიყენონ ყველა ბერკეტი იმისთვის, რომ „რუსთავი 2“ დავიცვათ. ვინაიდან აღარ არსებობს ფორმალური შემაკავებელი ფაქტორი, რაც ივანიშვილს ხელს შეუშლის, რომ განაახლოს „რუსთავი 2“-ის ხელში ჩასაგდებად შეტევა, ქართველმა ხალხმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ „რუსთავი 2“ ყველა შესაძლო მეთოდით უნდა დაიცვან“, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ზაზა ბიბილაშვილმა.