ასეთ პირობებში მიღებული გადაწყვეტილება,თუნდაც მას ერქვას უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, ლუდხანაში ამორტყმული ჩეკის ტოლფასი იქნება

ასეთ პირობებში მიღებული გადაწყვეტილება,თუნდაც მას ერქვას უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, ლუდხანაში ამორტყმული ჩეკის ტოლფასი იქნება

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ვალდებული იყო საზოგადოებისთვის ეცნობებინა მოსამართლეების ზეწოლის ფაქტის შესახებ მიწოდებული ინფორმაცია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ განუცხადა.

„ბევრი ტვინის ჭყლეტა არ სჭირდება იმას, თუ საიდან შეიძლება მოდიოდეს ეს ზეწოლა. ამ საქმის ანატომია ძალიან მარტივია, თუ 14 იანვარს მოსამართლეებმა მიმართეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ის ვალდებული იყო საზოგადოებისთვის ეცნობებინა ამ საგანგაშო ფაქტის შესახებ. ის, რომ მან პროკურატურას გადაუგზავნა საქმე, ეს გამოსავალი არ არის, ეს არის საქმის მიჩუმათების და ზეწოლის განმახორციელებელი ორგანოებისთვის დროის მიცემა, რომ მათ ახალი ფალსიფიკაცია შეეთითხნათ და შეეთავაზებინათ საზოგადოებისთვის, რაც ჩვენ ვიხილეთ რამდენიმე დღის წინ. იმის ნაცვლად, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე თავის კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებდეს დაცვას თავის კოლეგების, ჩვენ ვიღებთ მხოლოდ ფორმალურ გადაწყვეტილებას, რომ გაუგზავნა პროკურატურას ეს საჩივარი“, - განაცხადა უგულავამ.

მისივე თქმით, თუ ასეთი პროცესები გაგრძელდება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების ლეგიტიმურობა „რუსთავი 2-ის“ საქმეზე იქნება ნულის ტოლფასი.

„სიტუაცია მართლაც საგანგაშოა, რადგან როგორც ჩვენ უკანასკნელი წელიწადნახევრის განმავლობაში ვაკვირდებით, დანაშაული დანაშაულს ემატება და სპირალურ ხასიათს იღებს. საქართველოს მართლმსაჯულების ისტორიაში აბსოლუტურად უპრეცედენტო შემთხვევასთან გვაქვს საქმე. საქართველოს ისტორიას არ ახსოვს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს ხმამაღლა ეთქვა, რომ მასზე ხორციელდება ზეწოლა. მე მინდა ცხადად დაინახოს თითოეულმა ადამიანმა ვინც უმრავლესობას და ხელისუფლებას წარმოადგენს, ასეთ პირობებში მიღებული გადაწყვეტილება, თუნდაც მას ერქვას უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება, მისი სამართლებრივი და საზოგადოებრივი ლეგიტიმაცია იქნება დაახლოებით ლუდხანაში ამორტყმული ჩეკის ტოლფასი. ეს უნდა კარგად დაიმახსოვროს და გაიგოს ყველამ. ნულოვანი იქნება ასეთი გადაწყვეტილების ლეგიტიმაცია, ამას არ მიიღებს არც პროფესიული საზოგადოება, არც საქართველოს საზოგადოება, არც საქართველოს მეგობარი საერთაშორისო საზოგადოება, რომელიც ამ საკითხს ადევნებს თვალს უკვე წელიწადნახევარია“, - აღნიშნა უგულავამ.