ჩვენ, ალბათ, უფრო მოგვიწევს გადავლახოთ ვეტო, ვიდრე გავიზიაროთ პრეზიდენტის შენიშვნები

ჩვენ, ალბათ, უფრო მოგვიწევს გადავლახოთ ვეტო, ვიდრე გავიზიაროთ პრეზიდენტის შენიშვნები

პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ “საერთო სასამართლოების” შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტთან კონსულტაციები ბევრად უფრო სასარგებლო იქნებოდა ვეტოს დადებამდე. დეპუტატი პრეზიდენტთან კონსულტაციებზე უმრავლესობის წევრის მიუსვლელობას იმით ხსნის, რომ ვეტოს დადების შემდეგ კონსულტაციები ნაკლებად სასარგებლოა.

„კონსულტაციები ბევრად უფრო სასარგებლო შეიძლებოდა ყოფილიყო იქამდე, სანამ კანონპროექტს პრეზიდენტი ვეტოს დაადებდა. ახლა ჩემი აზრით, ეს ნაკლები სარგებლის მომტანია, რადგან შენიშვნები უკვე წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტში და ჩვენ კომპეტენციას განეკუთვნება ვიმსჯელოთ, არის თუ არა გასათვალისწინებელი. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს კანონპროექტი მაქსიმალურად სწრაფად შესულიყო ძალაში, რადგან იქ არის მნიშვნელოვანი ჩანაწერები, რომლებიც ეხება საქმეთა განაწილების სისტემას. შესაძლებელი იყო, რომ ის შენიშვნები, რომლებიც არის წარმოდგენილი, მომდევნო ტალღის პროცესში განხილულიყო, მაგრამ სამწუხაროდ, ვეტოსა და კანონის შეფერხების ფორმით გვიწევს ამაზე მსჯელობა“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, უმრავლესობა სავარაუდოდ ვეტოს დაძლევის გადაწყვეტილებას მიიღებს.

„რაც შეეხება მოტივირებული შენიშვნების გათვალისწინების არსს, არსი არის ის, რომ ან ხდება სრულად გათვალისწინება, ან ხდება სრულად უარყოფა. პარლამენტს არ აქვს შესაძლებლობა ნაწილობრივ გაითვალისწინოს და ნაწილობრივ არა. არის საკითხები რომელთა გაზიარებაც შეიძლებოდა, მაგრამ არის საკითხები, რომლის გათვალისწინებაც რთული იქნება. ჩვენ ალბათ, უფრო მოგვიწევს გადავლახოთ ვეტო, ვიდრე გავიზიაროთ წარმოდგენილი შენიშვნები“, - აღნიშნა ვიცესპიკერმა.