პრეზიდენტის ვეტო ეხება სასამართლოს მეტ დეცენტრალიზაციას, რომ მურუსიძის ვიწრო ჯგუფმა არ მართოს კვლავ სასამართლო ხელისუფლება

პრეზიდენტის ვეტო ეხება სასამართლოს მეტ დეცენტრალიზაციას, რომ მურუსიძის ვიწრო ჯგუფმა არ მართოს კვლავ სასამართლო ხელისუფლება

პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები ეხება სასამართლოს მეტ დეცენტრალიზაციას, რომ მურუსიძის ვიწრო ჯგუფმა პოლიტიკური დაკვეთების შესასრულებლად არ მართოს კვლავ სასამართლო ხელისუფლება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" წევრმა, დეპუტატმა ოთარ კახიძემ ჟურნალისტებს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

როგორც ოთარ კახიძემ აღნიშნა, პრეზიდენტთან შეხვედრაზე დღეს ისაუბრეს სასამართლო რეფორმის ე. წ. მესამე ტალღის შესახებ.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ცნობილია, რომ პრეზიდენტს აქვს მოტივირებული შენიშვნები, რომელიც ეხება სასამართლო სისტემის დეცენტრალიზაციას.

კახიძის თქმით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც ეხება სასამართლოზე და კონკრეტულ მოსამართლეებზე ზეწოლას.

„მხედველობაში მაქვს „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლეები, რომელთაც როგორც ჩანს, პროკურატურას მიმართეს, რომ მათზე ზეწოლა ხორციელდება. ეს არის რეალურად ყველაზე მნიშვნელოვანი თემა დღეს, რაც უკავშირდება სასამართლო ხელისუფლებას. ვერანაირი მეორე და მესამე ტალღები და კოსმეტიკური ცვლილებები ვერ შეიტანს ფუნდამენტურ გარდატეხას სასამართლოს გაუმჯობესების კუთხით, თუკი გრძელდება მოსამართლეებზე მუქარის განხორციელება, ზეწოლა და შანტაჟი. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ საკითხს სწავლობს“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

რაც შეეხება პრეზიდენტის ამ მოტივირებულ შენიშვნებს, მისი განცხადებით, ეს თანხვედრაშია სამოქალაქო სექტორის პოზიციასთან და ვენეციის კომისიასთან.

„ეს ეხება სასამართლოს მეტ დეცენტრალიზაციას, რომ მურუსიძის ვიწრო ჯგუფმა პოლიტიკური დაკვეთების შესასრულებლად არ მართოს კვლავ სასამართლო ხელისუფლება. ნებისმიერი თემა, რომელიც ამ რეფორმას უკავშირდება, არის აბსოლუტურად ბუტაფორიული და არაფრის მომცემი, თუ ჩვენ არ დავიცავით მოსამართლეები, რომლებიც აცხადებენ, რომ მათზე ზეწოლა ხორციელდება“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.