”ნაცმოძრაობის” ქმედებები კლოუნადას დაემსგავსა და მათი მხარდამჭერი ტელევიზიაც ჩართულია ამ კამპანიაში

”ნაცმოძრაობის” ქმედებები კლოუნადას დაემსგავსა და მათი მხარდამჭერი ტელევიზიაც ჩართულია ამ კამპანიაში

ბოლო დროს, ”ნაციონალური მოძრაობის” ქმედებები კლოუნადას დაემსგავსა და ძალიან სამწუხაროა, რომ მათი მხარდამჭერი ტელევიზიაც, რაღაცნაირად, ჩართულია ამ კამპანიაში, - ამის შესახებ ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ”ინტერპრესნიუს” განუცხადა.

დეპუტატი გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციას, რომელთა მტკიცებით, „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლეებზე ზეწოლას სუს-ი ახორციელებდა.

”ასეთი მოცემულობაა - ერთი მხრივ, ქვეყნდება რაღაც ჩანაწერები (რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მათი ავტენთურობა უნდა დადგინდეს და თუ ეს მართალია, უმკაცრესი საზოგადოებრივი და სამართლებრივი რეაქცია უნდა მოჰყვეს), ამის გამოქვეყნების შემდეგ კი, ჩვენ ვიგებთ, რომ დაწყებულია გამოძიება და მოსამართლეებს მიუმართავთ. შემდეგ გამოდის ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი და ამბობს, რომ ამ საქმესთან არის დაკავშირებული და საინტერესოა, რა იცის, მან, საიდან იცის ეს ინფორმაცია. ეს არის მოცემულობა, სადაც ვხედავთ მათ ინტერესს, რამენაირად საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, რამენაირად ამას რაც შეიძლება მძაფრი პოლიტიკური დატვირთვა მისცენ. სინამდვილეში, მართლაც წარსულს ჩაბარდა ისეთი შემთხვევები, როდესაც ვიღაცები ზეწოლას ახორციელებდნენ. ეს მათი სტილია, ნამდვილად ვხდავთ, რომ ისინი ვეღარ გამოდიან ამ სტილიდან და ამ სტილში ცდილობენ გააგრძელონ, როგორც სასამართლოზე ზეწოლა, ასევე ინფორმაციული ზეწოლა, რომლითაც საზოგადოებას ასაზრდოებენ და ცდილობენ გავლენა მოახდინონ საზოგადოებრივ აზრზე”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვს.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, უზენაესი სასამართლოს იმ მოსამართლეებზე, რომლებიც ”რუსთავი 2-ის” საქმეს განიხილავენ, სუს-ი ზეწოლას ახორციელებდა.