საპარლამენტო უმცირესობა „რუსთავი2“-ის საქმის მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს

საპარლამენტო უმცირესობა „რუსთავი2“-ის საქმის მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს

საპარლამენტო უმცირესობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების მიმართ შესაძლო ზეწოლის საქმეზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს. შესაბამისი განცხადება უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ გააკეთა.

„ჩვენი როგორც საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნებია: მივმართავთ პრეზიდენტს და როგორც კონსტიტუციის გარანტს ვთხოვთ, უშუალოდ ჩაერთოს ამ საქმის გამოძიებაში და აქტიურად მიადევნოს თვალყური გამოძიების მიმდინარეობას; ჩვენ თვითონ, საპარლამენტო ოპოზიცია აუცილებლად შევხვდებით საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს, საქმის კურსში ჩავაყენებთ მათ და ვთხოვთ, რომ ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა მიადევნონ თვალი ამ საქმეს; მოვუწოდებთ არასამთავრობო სექტორსა და სამოქალაქო საზოგადოებას გვერდზე გადავდოთ ყოველგვარი შიდაპარტიული განსხვავება და ამ ფუნდამენტური თემის ირგვლიც ვითანამშრომლოთ იმისთვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია და ეს საკითხი მთლიანად იქნეს გამოძიებული; როგორც საპარლამენტო უმცირესობა ჩვენ ვითხოვთ ამ საქმის გამოძიებაში ჩაერთოს პარლამენტი, პარლამენტს მიეწოდებოდეს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და სწორედ ამიტომ ჩვენ დავაყენებთ საკითხს შესაბამისი დროებითი საპარლამენტო საგამოძებო კომისიის შექმნის შესახებ“, - განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა უაღრესად საგანგაშო ფაქტის შესახებ, რომელიც უკავშირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წინააღმდეგ განხორციელებულ ზეწოლას.

„რუსთავი 2-ის“ საქმის განხილვის პირველი წუთებიდან ნათელი იყო, რომ ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული საქმე და ხელისუფლების ბრძოლა თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. ამას ადასტურებდა ის ისტორიები, რომელიც ვიცოდით მოსამართლე ურთმელიძის დედის თაობაზე. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების არჩევის თაობაზე, ამას ადასტურებდა პროცესი, რომელიც მიმდინარეობდა საკონსტიტუციო სასამართლოში და ის განცხადებები, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა გააკეთეს. დღეს საზოგადოებამ პირველად შეიტყო პირდაპირ მოსამართლეების მხრიდან მათზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ. ეს არის უაღრესად საგანგაშო ფაქტი და ეს არის ფაქტი, რომელიც უკავშირდება იმ ფუმდამენტურ ღირებულებას - მედიის თავისუფლებას და სასამართლოს თავისუფლებას. ჩვენ გუშინ ყველამ ერთად ვიზეიმეთ ევროპასთან უვიზო მიმოსვლა, მაგრამ თუ საქართველოში არ იქნება უზრუნველყოფილი მედიის თავისუფლება და სასამართლოს თავისუფლება, გვერდზე დაგვრჩება ვიზებიც, ევროპაც და საერთოდ ნორმალური განვითარება. ჩვენი მოთხოვნა არის, რომ მოხდეს ამ საქმის სრულფასოვანი გამოძიება საზოგადოებისთვის გასაგები და გამჭვირვალე გზით და არა ისე როგორც ხდებოდა წინა შემთხვევებში პროკურატურის მიერ, როდესაც საზოგადოების ზეწოლის შედეგად იყო საქმის აღძვრა და არავინ, არც ერთმა ჩვენგანმა არ იცის როგორ გაგრძელდა და დასრულდა საქმე. ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ არ მივცეთ ხელისუფლებას საქმის ჩაფარცხვის და მიჩუმათების საშუალება, არ მივცეთ პროკურატურას საშუალება, რომ ამ საქმეზე რეაგირება არ მოხდეს, რადგან ეს ყველაფერი ფუნდამენტურ საფრთხეს უქმნის ჩვენი საზოგადოების მომავალს“, - აღნიშნა ბაქრაძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა, ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ, რომლებიც ”რუსთავი 2”-ის საქმეს განიხილავენ, მათ საქმიანობაში უხეშად ჩარევის შესაძლო ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართეს. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება 14 იანვარს დაიწყო.