ფიქრია ჩიხრაძე - პრეზიდენტის ვეტოზე უმრავლესობისგან იმდენად გაუგებარი კომენტარები მოვისმინეთ, რომ უბრალოდ კრიტიკას ვერ უძლებს

ფიქრია ჩიხრაძე - პრეზიდენტის ვეტოზე უმრავლესობისგან იმდენად გაუგებარი კომენტარები მოვისმინეთ, რომ უბრალოდ კრიტიკას ვერ უძლებს

ჩვენ გავმართავთ კონსულტაციებს მათთან, ვინც მოვა, - ამის შესახებ პრეზიდენტის პოლიტიკურმა მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ ჟურნალისტებს „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტისა და პარლამენტის წევრების შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა, რომელსაც, როგორც ცნობილია, უმრავლესობის წარმომადგენლები არ ესწრებიან.

როგორც ფიქრია ჩიხრაძემ აღნიშნა, არსებობს ვეტო სასამართლოების კანონთან დაკავშირებით და ამ ვეტოს დადების წინ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ ოფიციალურად მიმართა შესაბამის უწყებებს, მათ შორის, პარლამენტის ხელმძღვანელებს გამართულიყო წინასწარი კონსულტაციები.

„სამწუხაროდ, წინასწარი კონსულტაციები არ შედგა, ვეტო დაიწერა და გაიგზავნა პარლამენტში. ჩვენ ყველა ეტაპზე ვართ მზად ვისაუბროთ აღნიშნული საკითხების გადასაწყვეტად. ეს არის თემა, რომელიც ეხება საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლების თემას, შტოთა შორის ბალანსს და გაწონასწორების სისტემას, ასევე დამოუკიდებელი, თავისუფალი სასამართლოს თემას. ყველა ეს შენიშვნა დაფუძნებულია ვენეციის კომისიის დასკვნებზე. მე ვფიქრობ, ამაზე მნიშვნელოვანი საქართველოში ცოტა საკითხი შეიძლება არსებობდეს, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ დროს ვეტო ბრძოლის იარაღად კი არ უნდა განვიხილოთ, კი არ გავიქცეთ და დავიმალოთ კონსულტაციებისგან, არამედ აბსოლუტურად ნორმალურია, დემოკრატიულ ვითარებაში ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლები ხვდებოდნენ ერთმანეთს და ესაუბრებოდნენ სახელმწიფოებრივ საკითხებზე“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

მისივე თქმით, ვეტოსთან დაკავშირებით უმრავლესობისგან იმდენად გაუგებარი კომენტარები მოისმინეს, რომლებიც უბრალოდ კრიტიკას ვერ უძლებს. 

„ჩვენ გავმართავთ კონსულტაციებს მათთან, ვინც მოვა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, ვისაც სულ მცირედით მაინც ეხება ამ საკითხის გადაწყვეტა, ვეტო იქნება განხილული და ამ განხილვის დროს იხელმძღვანელოს სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მოსამართლეთა და სასამართლოს თავისუფლების გარანტიებიდან გამომდინარე“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

პრეზიდენტი ”საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით საპარლამენტო ფრაქციების ხელმძღვანელებთან, ვიცე-სპიკერებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავს. შეხვედრას უმრავლესობის წევრები არ ესწრებიან. 

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის ინფორმაციით, პრეზიდენტი მათ იმ მოტივირებულ შენიშვნებს გააცნობს, რომელიც ”საერთო სასამართლოების შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით პარლამენტს წარუდგინა. 

”საერთო სასამართლეობის შესახებ” კანონში შეტანილ ცვლილებებს გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო.